პენიტენციურ სისტემაში მოხვედრით ადამიანს ეზღუდება თავისუფლება, თუმცა ის ინარჩუნებს ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც არის სიცოცხლის უფლება, ჯანმრთელობის უფლება და ასე შემდეგ. სწორედ ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი პენიტენციური სისტემისთვის დღეს და სწორედ ეს არის „ქართული ოცნების“ ხელწერა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ.

მინისტრის თქმით, დღევანდელი სისტემის შეფასებისას აუცილებელია 2012 წლამდე პერიოდის გახსენება.

„ყველას გვახსოვს, როგორი იყო ვითარება ქართულ ციხეებში - პატიმართა წამებას, ღირსების შემლახველ მოპყრობას ჰქონდა სისტემური ხასიათი, ძალიან მაღალი იყო გადატვირთულობა და იყო მძიმე საყოფაცხოვრებო პრობლემებიც. როცა ვამბობ, რომ პატიმართა წამებას სისტემური ხასიათი ჰქონდა, ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის დადასტურებული ფაქტი, ამაზე მეტყველებს ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს არის საქმე სახელწოდებით „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ ერთმნიშვნელოვნად დაადგინა, რომ მომჩივანის წამება იყო სისტემური პრაქტიკის ნაწილი.

ეს ყველაფერი ფუნდამენტურად არის შეცვლილი 2012 წლის შემდეგ. რამდენიმე რეფორმა გატარდა სასჯელაღსრულების სისტემაში. რაც ყველაზე მთავარია, შეიცვალა სახელმწიფოს დამოკიდებულება პატიმრის მიმართ. დღეს სახელმწიფოს ამოცანა არ არის მხოლოდ უზრუნველყოს სასჯელის აღსრულება, არამედ ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ადამიანს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გატარებული პერიოდი გამოიყენოს ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად“, - განაცხადა პაატა სალიამ.