დღეს ჩვენი ფიქრი და ლოცვა განსაკუთრებით მიემართება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს. საქართველოს ამ ძირძველმა ისტორიულმა მხარეებმა ქრისტეს რწმენითა და სიყვარულით დედა სამშობლოსთან ერთად მშვიდობით უნდა განაგრძოს არსებობა. უფლის შეწევნით ეს ასეც იქნება და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ძმური ერთობა და სიყვარული, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1 700 წლისთავისადმი მიძღვნილ საერთაშორისო სიმპოზიუმის – „ღმერთი, სამშობლო, ადამიანის“ გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პატრიარქის თქმით, საიუბილეო დღეების საერთო სიხარულის თანაზიარნი არიან, ასევე, უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები, ჩვენი ერისა და ეკლესიის ძვირფასი შვილები.
„გვახარებს, რომ ისინი სამშობლოდან შორს მყოფნიც ინარჩუნებენ რწმენას, ეკლესიასთან და მამულთან კავშირს, ჩვენ მუდამ ვლოცულობთ და ველოდებით მათ.
განვლილი ოცსაუკუნოვანი გზა გვარწმუნებს, რომ არ უნდა შევდრკეთ მრავალგვარი საცდურის წინაშე, არამედ პირიქით, უნდა განვმტკიცდეთ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჩვენთვის ჯვარცმული, ვნებული და მკვდრეთით აღდგომით მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი. კვლავაც აღვიჭურვოთ მისი სწავლებით და სათნოებებით და ნიშნად ჩვენი ერგულებისა, ჩვენი რწმენისა და ერის გადასარჩენად წინაპრების მიერ საუკუნეებგამოვლილი, ტკივილიანი, მაგრამ დღესაც მანუგეშებელი სიტყვებით დავამოწმოთ: „არა გეცრუვნეთ შენ, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩვენო, მართლმადიდებლობაო“. ეს იყო ჩვენი წინაპრების სიმტკიცის წყარო, ეს არის ჩვენი მოწოდებაც და მომავალი გადარჩენის მთავარი საწინდარი“, – განაცხადა შიო მესამემ.







