განათლების მინისტრის პორტფელი ალექსანდრე ჯეჯელავამ ჩაიბარა. პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა და დღესვე ახალი მინისტრის კანდიდატურა დაასახელა.

როგორც პრემიერმინისტრმა განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავას მართვის სფეროში 20 წლიანი გამოცდილება გააჩნია. "ალექსანდრე ჯეჯელავას აქვს დიდი გამოცდილება, როგორც ინფორმაციული ტექნოლოგიების, ასევე განათლების სფეროში. მისი გამოცდილება ეხმიანება ჩვენს იმ 4-პუნქტიანი პროგრამის გეგმებს, რომელიც გულისხმობს პროფესიული განათლებისა და კადრების გადამზადებას",- განაცხადა პრემიერმა.

ალექსანდრე ჯეჯელავა კომაროვის სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია, მას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ESM-ის ბიზნეს სკოლა. 

ალექსანდრე (სანდრო) ჯეჯელავა არის მენეჯერი და ტრენერი 20 წლიანი გამოცდილებით. განათლების ახალი მინისტრი იყო მართვის აკადემიის თავმჯდომარე და წამყვანი ტრენერი ზოგადი მენეჯმენტის, გაყიდვების მართვის, დროის მართვის და პროექტების მართვის მიმართულებით.

იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა პერსონალის დაქირავებას, მართვას და გაყიდვების პროცესის ორგანიზებას მოწინავე ქართულ ორგანიზაციებში.

ახალ მინისტრს აქვს მათემატიკის მაგისტრის წოდება, ზოგადი მენეჯმენტის მაგისტრის წოდება და პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) წოდება.