ვაკის რაიონის გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ შესაბამისად, სხვადასხვა მისამართზე ამორტიზებული ლიფტების განახლება მიმდინარეობს.

ძველი ლიფტების რეაბილიტაცია, მათ შორის ჭავჭავაძის N39-ის ტერიტორიაზე, ამხანაგობის განცხადების საფუძველზე ხორციელდება.

საერთო ჯამში, ვაკის რაიონში ამ ეტაპზე 14 ლიფტის განახლების პროექტი დაფინანსდა.

კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ამხანაგობის ყველა წევრის ჩართულობით მიიღება.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის მიხედვით, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10 პროცენტი ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და კორპუსის საერთო საჭიროებებს ხმარდება. ამხანაგობა ვალდებულია, განახორციელოს „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა.