არის სოფლები, რომლებშიც გადაადგილება ამ დრომდე ვერ ხერხდება თოვლის დიდი საფარის გამო, თუმცა ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს 24-საათიან ინტენსიურ რეჟიმში, – ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში, გიორგი ურუშაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

მისივე თქმით, მობილიზებულია ყველა ტიპის სპეცტექნიკა, რომელიც სჭირდება მსგავს სტიქიურ მოვლენასთან გამკლავებას.

„პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, სამაშველო ოპერაციებში ასევე ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალები, თავდაცვის სამინისტრო, მობილიზებულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, რათა რაც შეიძლება მოკლე პერიოდში ეფექტურად იქნეს გადაჭრილი ყველა ის გამოწვევა და პრობლემა, რომელიც ჩვენი რეგიონის, ჩვენი მოქალაქეების წინაშე დგას“, – განაცხადა ურუშაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა გზებით ცდილობს ხელისუფლება გარე სამყაროსთან მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირებას, სადაც ადამიანები არიან ჩარჩენილი და ახლობლებს ვერ უკავშირდებიან, გიორგი ურუშაძემ განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, დიდთოვლობამ დააზიანა როგორც ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე ბუნებრივი აირის მილები. ამასთან, მისივე თქმით, არის გარკვეული სოფლები, სადაც მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება, თუმცა „ენერგო-პროს“ სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.

„მოქალაქეებთან აქტიურ კომუნიკაციაში არიან ჩვენი მეხანძრე-მაშველები. კომუნიკაცია არის ჩვენი სოფლის რწმუნბულების მეშვეობით და მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველა შეტყობინებაზე იყოს სათანადო რეაგირება. არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გარეშე, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა – მოქალაქეებზე ზრუნვა, მათი უსაფრთხოების დაცვა და ჩვენ აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა იქნეს დაცული“, – განაცხადა ურუშაძემ.

მისი თქმით, რეგიონის მასშტაბით ელექტროენერგიის გარეშე დაახლოებით 8 000-მდე აბონენტია დარჩენილი.

ამასთან, როგორც გიორგი ურუშაძემ აღნიშნა, რეგიონში, ორი დღეა, იმყოფება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ვიცე-პრემიერები, მინისტრები, სტიქიის პირველივე დღიდან შექმნილია საკოორდინაციო შტაბი და ყველა უწყება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

თამთა სანიკის შეკითხვაზე, იყო თუ არა საჭირო თავდაცვის ძალების სამაშველო ოპერაციაში ჩართვა უფრო ადრე, რადგან რეაგირების დროულობასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაცია გავრცელდა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა, რომ იმ მომენტიდან, როდესაც სამაშველო ოპერაციაში თავდაცვის ძალების ჩართვა გახდა საჭირო, პრემიერ-მინისტრმა მყისიერად მიიღო გადაწყვეტილება.

„რაც შეეხება განცხადებებს და მოსაზრებებს, რომელსაც გარკვეული ძალები აკეთებენ პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით, ჩემი აზრით, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, ეს არის ყველაზე ცუდი საქციელი, თუკი რამე შეიძლება, ადამიანმა იკადროს, როდესაც სხვის უბედურებაზე ცდილობ საკუთარი პოლიტიკური ქულების დაწერას. ეს არის ამორალური. აქედან გამომდინარე, არ უნდა მოვუსმინოთ ადამიანებს, რომლებსაც წარმოდგენაც არ აქვთ იმაზე, რა ხდება ამწუთას ჩვენს რეგიონში, ვინ როგორი შემართებით და როგორი მობილიზაციით ებრძვის სტიქიას“, – განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც სტიქიასთან გასამკლავებლად იქნა მიღებული, იყო დროული და ყველა რესურსი დროულად და თანმიმდევრულად იქნა ჩართული სტიქიასთან ბრძოლაში.

შეკითხვაზე, არის თუ არა საკმარისი მობილიზებული ტექნიკა სტიქიასთან გასამკლავებლად და რა მოსამზადებელი სამუშაოები იქნა გაწეული მანამდე, რადგან გრძელვადიანი პროგნოზით გადაუდებელი თოვა იყო მოსალოდნელი, გიორგი ურუშაძემ განაცხადა, რომ „მობილიზებული ტექნიკა საკმარისია, პირველივე დღეებიდან ყველა სოფელთან მისასვლელი გზა იყო გაწმენდილი და არცერთ სოფელთან მისასვლელი გზა არ ყოფილა დაკეტილი, თუმცა ეს არის სტიქია, ერთ ღამეში მოსულმა ნალექმა რადიკალურად შეცვალა სიტუაცია“.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვერ გავაკეთებ ვერანაირ კომენტარს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სხვისი უბედურების ხარჯზე ცდილობენ საკუთარი პოლიტიკური კარიერის გაკეთებას, თუ ქულების ჩაწერას“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

მისივე თქმით, სამივე მუნიციპალიტეტში არის სოფლები, სადაც ჯერჯერობით მისვლა ვერ ხერხდება, თუმცა ტექნიკა აქტიურად მუშაობს გზის გაწმენდაზე და ძალიან მოკლე დროში უნდა მოხდეს სოფლის ცენტრებამდე მისასვლელი და ცენტრალური გზების გაწმენდითი სამუშაოების დასრულება, თუ ამინდი ამის შესაძლებლობას მისცემს.