ვაკის რაიონის გამგეობამ ი.ჭავჭავაძის გამზირის N39-ში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტები დაასრულა.

მისამართზე მდებარე, დაახლოებით, 3 000 კვ.მ ფართობის ეზოში განახლდა დასასვენებელი სივრცე. მოეწყო სკვერი და სპორტული მოედანი, ეზოში განთავსდა საბავშვო-გასართობი მოედანი, მოსასვენებელი პავილიონი და ფიტნეს ზონა. ასევე ჩატარდა გამწვანების სამუშაოები - დაირგო 146 ძირი ხე-მცენარე. დასასვენებელი სივრცის გარშემო დაიგო ასფალტის ახალი საფარი.

ამასთანავე, ამხანაგობის მომართვის საფუძველზე, განახლდა კორპუსის სამი სადარბაზოს ლიფტები, საერთო სარგებლობის გარე კიბე და მოწესრიგდა წყალარინების ქსელი.

სარეაბილიტაციო პროექტების ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, 1 300 000 ლარი შეადგინა.

შესრულებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი ლევან ყიფიანი, მაჟორიტარ დეპუტატებთან ზურაბ რურუასთან და ალექსანდრე ასათიანთან ერთად, გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.