ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა კვლავ ხდება დაინტერესებული პირების მხრიდან არაარგუმენტირებული და უსაფუძვლო ბრალდებების ობიექტი. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების დაკნინებისა და საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობის გაჩენისკენ არის მიმართული.
ამჯერად გვინდა გამოვეხმაუროთ წალენჯიხის მერის პირველი მოადგილის - ივანე ბურდულის მიერ გაკეთებულ არაარგუმენტირებულ და რეალობას მოწყვეტილ განცხადებას. ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ რეპორტაჟში, საარჩევნო ტექნოლოგიების შეფასებისას, ბურდული ამტკიცებს, რომ „ამ აპარატების მცირედი მოდიფიკაცია ნიშნავს იმას, რომ ძალიან მცირე, პატარა ჩიპის ჩადგმა არის აბსოლუტურად საკმარისი, რომ პროგრამულად დაუკავშირდნენ პლანშეტი, ხმის დათვლის აპარატი და ვერიფიკაციის აპარატი ერთმანეთს და პლანშეტის ინტერნეტის მეშვეობით ეს მონაცემები გადაიგზავნოს სხვაგან“.
ეს განცხადება არ შეესაბამება რეალობას და მიუთითებს იმაზე, რომ რესპონდენტს საზოგადოება მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში ან არ აქვს ინფორმაცია იმ ტექნოლოგიების შესახებ, რომლითაც საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს არჩევნები უნდა ჩატარდეს. ამ განცხადების უსაფუძვლობას ადასტურებს 1 ოქტომბრის არჩევნებზე ამერიკული კომპანია Pro V&V-ის მიერ ჩატარებული აუდიტის დასკვნა, რომლიდანაც იკითხება, რომ:
არც ვერიფიკაციის და არც ხმის მთვლელ აპარატებს არ აქვთ პროგრამული შესაძლებლობა, რომ ინტერნეტით მონაცემები მიიღონ ან გააგზავნონ; პლანშეტს შეუძლია ინფორმაციის გადაგზავნა მხოლოდ ცესკოში და არსად სხვაგან; პლანშეტს არ შეუძლია არანაირი ფაილის გაგზავნა გარდა ხმის მთვლელი აპარატების შედეგებისა.
აუდიტი ადასტურებს, რომ ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად.
მათთვის ვინც აუდიტის დასკვნას არ იცნობს, გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ არც ვერიფიკაციის და არც ხმის მთვლელ აპარატებს ინტერნეტთან კავშირი არ აქვს.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პირველ ეტაპზე პოლიტიკური სპექტრის მოთხოვნაც სწორედ ის გახლდათ რომ აპარატებს არ ჰქონოდათ კავშირი ინტერნეტთან. ამ პროცესებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კი დაინტერესებული პირები ტექნოლოგიის კრიტიკისას ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს/შეფასებებს აკეთებენ. ერთის მხრივ ისინი ითხოვენ ინტერნეტით ხმის მიცემას, ხოლო მეორეს მხრივ თავადვე ამტკიცებენ, რომ საარჩევნო პროცესში ინტერნეტის გამოყენება საფრთხეებს შეიცავს. ამდენად ნათელია, რომ ასეთი განცხადებები მხოლოდ საარჩევნო პროცესის და ელექტრონული ტექნოლოგიების დისკრედიტაციას ემსახურება და არ ეფუძნება არანაირ დასკვნას ან არგუმენტს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოლიტიკაა რეაგირების გარეშე არ დატოვოს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გავრცელებული ცრუ ინფორმაციები, ვინაიდან ამ პროცესის წარმატებით განხორციელება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად იქნება საზოგადოება ინფორმირებული სიახლის შესახებ.
შესაბამისად, საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ამომრჩევლის თითქმის 90%- თვის იქნება ხელმისაწვდომი. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში.