საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია ISFED-ის მიერ საარჩევნო ელექტრონული აპარატების შეფასების დოკუმენტთან დაკავშირებით
"საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა გადამწყვეტ ეტაპზეა და ამ პროცესის წარმატებით განხორციელება გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად იქნება საზოგადოება ინფორმირებული ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის შესახებ. ამდენად საარჩევნო ადმინისტრაციის გაცხადებული პოზიციაა, რომ ის უყურადღებოდ არ დატოვებს ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით გავრცელებულ არც ერთ ინფორმაციას, რომელიც შესაძლოა საზოგადოებაში გარკვეულ კითხვის ნიშნებს ტოვებდეს.
სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარე გვინდა გამოვეხმაუროთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს „ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენება კენჭისყრის პროცესში: საქართველოში დანერგილი ელექტრონული აპარატების შეფასება“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი ამომრჩეველთა ვინაობის შემოწმებას ბიომეტრიული მონაცემებით არ ახდენს, რაც მრავალჯერადი ხმის მიცემის თეორიულ შესაძლებლობას კვლავ ტოვებს. არსებულ აპარატებზე თითის ანაბეჭდით ამომრჩევლის იდენტიფიკაციის ფუნქციის დამატება შესაძლებელია, შესაბამისად, საჭიროა დაიწყოს მის დანერგვაზე მუშაობა.“
განვმარტავთ, რომ ვერიფიკაციის აპარატში პირადი ნომრის შეყვანის შემდეგ მოწმდება ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები, მათ შორის ფოტოსურათით. თითის ანაბეჭდის დამატება არანაირ ფუნქციურ უპირატესობას არ წარმოადგენს, რადგან “პირველადი გასაღები” ქართულ მოდელში არის პირადი ნომერი, რაც თითის ანაბეჭდის მსგავსად არის უნიკალური.
ხმის მრავალჯერადად მიცემა გამორიცხულია - ვერიფიკაციის აპარატით ამომრჩევლის რეგისტრაცია მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ იმ ერთ კონკრეტულ უბანზეა შესაძლებელი, სადაც ის რეგისტრირებულია. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, იქნება ეს მეორედ ვერიფიკაციის გავლის თუ სხვა უბანზე რეგისტრაციის მცდელობა, აპარატი გამოსცემს სიგნალს და არ გაატარებს ასეთ ამომრჩეველს რეგისტრაციაში.
ერთი ამომრჩეველი ორჯერ ვერ ხვდება სიაში და აღნიშნულს ადასტურებს 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე განხორციელებული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნაც, რომლის თანახმადაც „ელექტრონული აპარატურა და პროგრამული უზრუნველყოფა, საერთაშორისო სტანდარტებთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და ტექნიკურ სპეციფიკაციებთან შესაბამისობაშია. ელექტრონული აპარატები მუშაობს გამართულად, უსაფრთხოდ და ზუსტად“.
გარდა ამისა, გაუგებარია, რას ემსახურება ორგანიზაციის მხრიდან ხმის მთვლელი აპარატის მოძველებულ ტექნოლოგიად გამოცხადება. მაშინ როდესაც აღნიშნული ტექნოლოგია გამოიყენება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ტექნოლოგიის მოძველებულად შერაცხვამ შესაძლოა საზოგადოებაში მის მიმართ უნდობლობა გააჩინოს და დააზიანოს ელექტრონული არჩევნების დანერგვის უმნიშვნელოვანესი პროცესი. გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკი“ მოემსახურება, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გაიმარჯვა. 2000 წლიდან კომპანია, რომელიც თავადვე აწარმოებს შესაბამის ტექნიკას, გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება. მათ შორის განხორციელებული აქვს ამ ტიპის პროექტები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, აშშ, არგენტინა, ბრაზილია, მექსიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ესტონეთი, ბელგია, ფილიპინები და ა.შ.
აქვე, გვინდა შევეხოთ დოკუმენტში ნახსენებ ბათილობისა და ბიულეტენის საარჩევნო უბნიდან შესაძლო გატანის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებს. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონულ აპარატზე გადასვლით ბათილობის პროცენტი არ გაზრდილა. ხოლო ბიულეტენებზე, რომელიც გამოყენებული იქნება ელექტრონულ არჩევნებში დატანილია დამცავი მექანიზმი, ინდივიდუალური ე.წ. QR კოდი და კონკრეტული ბიულეტენი მხოლოდ კონკრეტულ, ერთ საარჩევნო უბანზე შეიძლება იყოს გამოყენებული, სხვა საარჩევნო უბანზე ამ ბიულეტენს მანქანა უბრალოდ არ მიიღებს.
უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის გასაკვირია ISFED-ის მხრიდან მსგავსი შეფასებების და სხვა აპარატების გამოყენების სურვილის დაფიქსირება სწორედ ახლა, მას შემდეგ, რაც კონსოლიდირებული ტენდერი უკვე დასრულებულია, აპარატურის შემოტანა დაწყებული და გადაწყვეტილია, თუ როგორ ჩატარდება 2024 წლის არჩევნები.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიების გამოყენებით საპილოტე რეჟიმში არაერთი არჩევნები ჩატარდა და ISFED ყოველთვის იყო ჩართული როგორც სადამკვირვებლო მისიაში, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის სამუშაო შეხვედრებში, ტექნოლოგიებთან მიმართებით მსგავსი შეფასება და მოსაზრებები ორგანიზაციას აქამდე არ დაუფიქსირებია. სწორედ ამიტომ, ამ დოკუმენტის და მასში გამოთქმული შეფასებების სწორედ ახლა გამოქვეყნება გვაფიქრებინებს, რომ ეს ქმედება ხელს შეუწყობს საარჩევნო პროცესის დაზიანებას და ელექტრონული არჩევნებისადმი უნდობლობის გაჩენას.
გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, ნუ დააზიანებენ საარჩევნო პროცესს და ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ამომრჩევლის 90 %- თვის იქნება ხელმისაწვდომი. არჩევნები საერთო საქმეა და ყველას აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა არჩევნების მოდერნიზების ამ მნიშვნელოვან პროცესში." - ნათქვამია ცესკოს გავრცელებულ ინფორმაციაში.