საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საქართველოს რეგიონებში მოქმედი 32 სალოტბარო სკოლის მოსწავლეების უპრეცედენტოდ მასშტაბურ კონცერტს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულმა ცენტრმა უმასპინძლა. ღონისძიება სალოტბარო სკოლების დაარსების 10 წლის იუბილეს მიეძღვნა და მასში სალოტბარო სკოლების 500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
კონცერტს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, სალოტბარო სკოლების დამფუძნებლის, ანზორ ერქომაიშვილის, მეუღლე ლალი სეთურიძე, ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე, ფონდ „ქართული გალობის” დამფუძნებელი ნანა გოთუა, ფოლკლორული ანსამბლების სამხატვრო ხელმძღვანელები, ეთნომუსიკოლოგები და კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ასევე, ღონისძიების სტუმრები იყვნენ: აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის მიტროპოლიტი თეოდორე , საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. საღამოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე უძღვებოდა.
ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის გალობა, სიმღერა და ქორეოგრაფიული ნიმუშები. აღსანიშნავია, რომ პირველი სალოტბარო სკოლის დაარსებიდან 10 წლის თავზე გაიზარდა თაობა, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი რგოლი ცოცხალი ფოლკლორის გადაცემის უწყვეტ ჯაჭვში.
ფოლკლორის ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის, ხელმძღვანელობით, ფოლკლორისტებისა და რეგიონების ლოტბარ-რეგენტების მონაწილეობით რეპეტიციები თბილისში 20 მაისიდან მიმდინარეობდა და მოსწავლეები მსმენელთან შესახვედრად აქტიურად ემზადებოდნენ.
26 მაისს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი კონცერტის რეპეტიციას დაესწრო, სალოტბარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა; ამასთან, ისაუბრა კონცერტების სხვა დარბაზებში გამართვის შესაძლებლობებზე.
აღსანიშნავია, რომ სალოტბარო სკოლის მოსწავლეები წელს ლევილის ქართულ ფესტივალშიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 24 მაისიდან 14 ივლისამდე გრძელდება.