საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში რეგიონებში მოქმედი 32 სალოტბარო სკოლის მოსწავლეების რეპეტიციას დაესწრო, რომლებიც სალოტბარო სკოლების დაარსებიდან 10 წლისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის ემზადებიან.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ღონისძიებას 28 მაისს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი უმასპინძლებს და მასში 32 სალოტბარო სკოლის 500-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას. აღსანიშნავია, რომ ამ მასშტაბის კონცერტი პირველად იმართება.
ფოლკლორის ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის, ხელმძღვანელობით, ფოლკლორისტებისა და რეგიონების ლოტბარ-რეგენტების მონაწილეობით რეპეტიციები თბილისში 20 მაისიდან მიმდინარეობს. მოსწავლეები მსმენელთან შესახვედრად აქტიურად ემზადებიან.
რეპეტიციაზე დასწრების შემდეგ, თეა წულუკიანმა სალოტბარო სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს დიდი დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და სამინისტროს სახელით მხარდაჭერა აღუთქვა; ამასთან, ისაუბრა კონცერტების სხვა დარბაზებში გამართვის შესაძლებლობებზე.
ინფორმაციისთვის: ჯანსუღ კახიძის სახელობის ცენტრში მოსწავლეები სცენაზე გააცოცხლებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გალობას, სიმღერასა და ქორეოგრაფიულ ნიმუშებს. აღსანიშნავია, რომ პირველი სალოტბარო სკოლის დაარსებიდან 10 წლის თავზე გაიზარდა თაობა, რომელიც გახდა მნიშვნელოვანი რგოლი, ცოცხალი ფოლკლორის გადაცემის უწყვეტ ჯაჭვში.
აღსანიშნავია, რომ სალოტბარო სკოლის მოსწავლეები წელს ლევილის ქართულ ფესტივალშიც მიიღებენ მონაწილეობას.