კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სალოტბარო სკოლების პედაგოგებს შეხვდა.
შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა და მას ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი გაბუნია ესწრებოდნენ.
მინისტრმა საქართველოში მოქმედი სალოტბარო სკოლების 65 პედაგოგთან, მათ შორის, ლოტბარებსა და რეგენტებთან ერთად განიხილა სკოლებისა და პედაგოგების გეგმები, მოისმინა მათი საჭიროებები. განიხილეს ახალი პროექტებისა და ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა სალოტბარო სკოლების იმ პედაგოგებსა და ლოტბარებს, რომლებიც რეგიონებში თბილისიდან დადიან, ბავშვებს ასწავლიან და აყვარებენ ქართულ კულტურას. ასევე, მადლობა გადაუხადა რეგიონებში მცხოვრებ იმ პედაგოგებს, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ენთუზიაზმით ეკიდებიან საქმეს.
სხვა საგულისხმო საკითხებთან ერთად ისაუბრეს სალოტბარო სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობებსა და ყველა მათგანში სწავლების ერთნაირი მეთოდისა და სტრუქტურის ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე, ასევე სალოტბარო სკოლებს შორის მეტი ურთიერთობის თაობაზე.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეგიდით, საქართველოში 31 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი ქართული მრავალხმიანი სიმღერებისა და საკრავებზე დაკვრის შესწავლა. სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველმა მოღვაწემ, ანზორ ერქომაიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
კულტურის სამინისტროსთვის ქართული ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი შარშან ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, ხონის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, გორის, ყვარლის, თელავის, ოზურგეთის, ბაღდათის, ვანის, აბაშის, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის სალოტბარო სკოლებს, რის შედეგადაც, თბილისში შემაჯამებელი შეხვედრის მოწყობა გადაწყდა.