საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის, ვიზიტები სალოტბარო სკოლებში გრძელდება. ამჯერად მინისტრი სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორ გიორგი დონაძესთან, დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნიასა და სალოტბარო სკოლების სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორ ირაკლი ტყვაცირიასთან ერთად ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აბაშის, სენაკის, ზუგდიდისა და წალენჯიხის სალოტბარო სკოლებს ეწვია, მოსწავლეებსა და პედაგოგებს შეხვდა და გაეცნო ახალგაზრდების შემოქმედებას.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ფარგლებში საქართველოში დღეს 30 სალოტბარო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც უსასყიდლოდ არის შესაძლებელი ქართული მრავალხმიანი სიმღერებისა და საკრავებზე დაკვრის შესწავლა.

სამეგრელოში ვიზიტისას მინისტრმა მოისმინა ინფორმაცია სკოლების საჭიროებების შესახებ და დამსწრე საზოგადოებას სალოტბარო სკოლების განვითარების გეგმის შესახებ ესაუბრა. მან აღნიშნა, რომ 2024 წლის იანვარში თბილისში გაიმართება შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა, რომელზეც მიიწვევენ ყველა სალოტბარო სკოლის პედაგოგებს. შეხვედრისას თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა სკოლების წარმომადგენლებს ქართული მრავალხმიანობის პოპულარიზაციისა და განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.


ინფორმაციისთვის:
აბაშის სალოტბარო სკოლა გაიხსნა 2019 წელს. ამჟამად აქ 14 მოსწავლე ირიცხება. პედაგოგები არიან: ლოტბარი ილია ხვიჩია და სოლფეჯიოს პედაგოგი ინგა კუპრეიშვილი.
სენაკის სალოტბარო სკოლა გაიხსნა 2019 წელს. ამჟამად სკოლაში 16 მოსწავლე ირიცხება. პედაგოგი, რეგენტი არის დიმიტრი კაკულია.
ზუგდიდის სალოტბარო სკოლა გაიხსნა 2022 წელს. ამჟამად აქ 35 მოსწავლე ირიცხება. პედაგოგები არიან ლოტბარი სერგი ურუშაძე და რეგენტი ნიკოლოზ ლატარია.

წალენჯიხის სალოტბარო სკოლა გაიხსნა 2015 წელს. ამჟამად ამ სკოლაში 45 მოსწავლე ირიცხება. პედაგოგები არიან ლოტბარი დათო გირგვლიანი და რეგენტი მერაბ ციმინტია.

სალოტბარო სკოლების შექმნას ქართველმა მოღვაწემ, ანზორ ერქომაიშვილმა, ჩაუყარა საფუძველი.
კულტურის სამინისტროსთვის ქართული ფოლკლორის განვითარების ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტია. დაგეგმილია საქართველოს ყველა სალოტბარო სკოლის მონახულება. საქართველოს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი უკვე ესტუმრა მესტიის, ლენტეხის, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, ხონის, ბორჯომის, ახალციხის, დუშეთის, სამტრედიის, კასპის, ქარელის, გორის, ყვარლის, თელავის, ოზურგეთის, ბაღდათისა და ვანის სალოტბარო სკოლებს.