ქალაქ თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების ტერიტორიის ნაწილზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართა.
საპროექტო ტერიტორია გარდაბნისა და თბილისის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებს მოიცავს. განაშენიანების გეგმას შპს „იგლ ჰილს საქართველო“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს მიერ განსაზღვრული დავალების საფუძველზე ამუშავებს. ამ ეტაპზე განაშენიანების გეგმის კონცეფციის დოკუმენტაციას სააგენტო განიხილავს.
წარმოდგენილი კონცეფცია ითვალისწინებს ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალურად ინტეგრირებული, დაბალი ინტენსივობისა და სიმჭიდროვის განაშენიანების განვითარებას. ტერიტორიის ძირითადი ნაწილი ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს დაეთმობა, ხოლო დასახლების ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია საზოგადოებრივი და სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებისა და საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების განთავსება.
კონცეფციის შემუშავებას წინ უძღოდა მულტიდისციპლინური კვლევები, რომლებიც მოიცავდა ტერიტორიის ჰიდროლოგიური და გეოლოგიური პირობების, ბიომრავალფეროვნების, ფლორისა და ფაუნის, კულტურული მემკვიდრეობისა და სატრანსპორტო ზემოქმედების შეფასებას. დოკუმენტი აერთიანებს განვითარების ხედვასა და სტრატეგიას, ფუნქციური ზონირების მიდგომებსა და ტერიტორიის სიცოცხლისუნარიანობის შეფასებას.
საჯარო განხილვის დასრულებიდან 15 დღის განმავლობაში, ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს წერილი სსიპ - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოში, მისამართზე: ქ.
თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №154, ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით: sajaro.gankhilvebi@suda.gov.ge.








