თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე კომისიაში წარმოდგენილი წერილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მიხეილ ქორიძის და მომღერალ ლევან კბილაშვილის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხის შესახებ იმსჯელეს.

როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, მიხეილ ქორიძე აფხაზეთის ომში მოხალისედ  იბრძოდა სპეცდანიშნულების რაზმში. ის ბზიფის ხეობაში  შეტევის დროს სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. მიხეილ ქორიძე დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის შემსრულებელმა  ლევან კბილაშვილმა საესტრადო კარიერა 6 წლიდან რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დაიწყო.

მომღერალი მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ კომპოზიტორთან, გორან ბრეგოვიჩთან, რომელთან  ერთადაც არაერთი კონცერტი აქვს ჩატარებული. 2021 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი „PanGeo – ლ. კბილაშვილი“, რომელიც დაეფუძნა ქართულ ეთნომუსიკას.

კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, განათლების და კულტურის კომისია აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში  მემორიალური დაფების განთავსების საკითხის განხილვაში.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს კოორდინირებული თანამშრომლობით უმოკლეს პერიოდში  არაერთი დამსახურებული პიროვნების  პატივსადებად მემორიალური დაფა განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №426 განკარგულებით, ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთს მომღერლის, ლევან კბილაშვილის, სახელი მიენიჭა.  კომისიის დღევანდელ სხდომაზე კი  მომღერლის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხსაც განვიხილავთ“, -  განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

კომისიის წევრებმა მიხეილ ქორიძის და ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფების განთავსების საკითხი მოიწონეს და საკითხი განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.