დედაქალაქის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში  210-ე  საჯარო სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა საბურთალოს რაიონის მაჟორიტარის, ავთანდილ ცინცაძის, მხარდაჭერით  გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილ იქნა მოსწავლეების მიერ შესრულებული  ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. იგი მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარის განვითარების, მათი შესაძლებლობების წარმოჩენისა და მოტივაციის გაზრდას ემსახურება.

დამსწრე საზოგადოებას  მისასალმებელი სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, მიმართა. მან განაცხადა, რომ მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა და მათი შესაძლებლობების წარმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

დამსწრეებს ასევე სიტყვით მიმართა ავთანდილ ცინცაძემ და  მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისათვის  მადლობა  გადაუხადა.

„ეს ბავშვები არიან ჩვენი ქვეყნის მომავალი და მნიშვნელოვანია, რომ მათ მიიღონ განათლება და მისცენ ნიჭს განვითარების საშუალება. მინდა აღვნიშნო, რომ 210-ე სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია საბურთალოს რაიონში და სწორედ სკოლა და მასწავლებლები აძლევენ მოსწავლეებს უნარების განვითარებისა და ცოდნის შეძენის შესაძლებლობას“, - აღნიშნა ავთანდილ ცინცაძემ.

ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.