თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარის მოადგილე ნინო რუხაძე და საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საკრებულოში არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად „ვარდატონის“ ფესტივალს დაესწრნენ.

„ვარდატონი“, იგივე ვარდების ტრადიციული დღესასწაული, არის თბილისელი პოეტისა და აშუღის საიათნოვასადმი მიძღვნილი დღესასწაული. საკრებულოს წარმომადგენლებმა საიათნოვას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს, რის შემდეგაც თინათინ ნიბლოშვილმა ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და დღესასწაული მიულოცა.

საზეიმო ღონისძიება, რომელიც ვახტანგ გორგასლის სახელობის მოედანზე გაიმართა, საკონცერტო პროგრამით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობა თანამედროვე პოეტებთან, მწერლებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად საქართველოსა და სომხეთის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა მიიღეს.

„ვარდატონის“ დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიება თბილისის მერიის, ორგანიზაციის „ქართველ სომეხთა კავშირი“, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს, საქართველოში სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის და სომხეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.

„ვარდატონი“ პირველად თბილისში 1914 წელს ქართველი პოეტის, იოსებ გრიშაშვილის, სომეხი მწერლის, ოვანეს თუმანიანის და მხატვარ გევორქ ბაშინჯახიანის ინიციატივით გაიმართა. მას შემდეგ ყოველწლიურად ამ დღეს თბილისში, სურფგევორქის ეკლესიის ეზოში, დღესასწაულის მონაწილეებს საიათნოვას საფლავზე წითელი ვარდები მიაქვთ.