დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების პროცესი გრძელდება. თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე  დაუსრულებელი მშენებლობის დასრულებისთვის აუცილებელი მხარდამჭერი ღონისძიებები დაამტკიცეს და რამდენიმე მისამართზე კომპანია „ათორის“ მიერ დაწყებულ მშენებლობებს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიანიჭეს.

როგორც საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა, კომპანია „ათორს“ 300 დაზარალებული ჰყავს, კომპანიის ხელმძღვანელი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ეს არის დაზარალებულების დაკმაყოფილების პროცესში გადადგმული აუცილებელი პირველი ნაბიჯი, რომელსაც  ამ ოჯახების დაკმაყოფილების კონკრეტული გადაწყვეტები და ქმედებები მოჰყვება.

„დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  სამშენებლო კომპანია „ათორის“ მშენებლობები, რომლებიც თბილისში რამდენიმე მისამართზე იყო დაწყებული, დაუსრულებელი მშენებლობების სტატუსს მიიღებს.  აღნიშნულ კომპანიას  300 დაზარალებული ჰყავს, რომელთა დაკმაყოფილების პროცესიც ეტაპობრივად დაიწყება. ვფიქრობ, დაუსრულებელი მშენებლობების დასრულების კუთხით თბილისის მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და პროცესი წარმატებით მიმდინარეობს“,  -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.