ძაღლების გადარჩენისა და დაცვის ასოციაციის ხელმძღვანელი, თამაზ ელიზბარაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ პატარა დეკორატიულ ძაღლებს უფლება აქვთ ალიკაპისა და საბელის გარეშე  ნებისმიერ სკვერსა და პარკში ისეირნონ. როგორც ის ამბობს, ბოლომდე დაიცავს როგორც შვილის, ასევე პატარა ფიფოს უფლებებს.

„ჩემი შვილი თვისი სახლის წინ ასეირნებდა პატარა ძაღლს, უწყინარ არსებას ფიფოს და იმდენად აგრესიული იყო ყაზახი ეროვნების პიროვნება ძაღლის მიმართ, იმდენად კატეგორიულად მოითხოვდა, გაიყვანე, არ მსიამოვნებს აქ რომ დადისო, ფეხი მოუქნია ძაღლს, რომელიც ორ კილოსაც არ იწონის, დაიწყო გინება, რასაც შემდეგ მოჰყვა შეხლა-შემოხლა, ჩხუბი და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ჩემი შვილი დაჭრილია, დაჭრილია ის ყაზახიც, ფიფო  შეშინებულია. მე როგორც ცხოველთა უფლებების დამცველი, ბოლომდე დავიცავ ფიფოს უფლებებს. მას აქვს უფლება ისეირნოს ნებისმიერ პარკში, სკვერში, მას არ სჭირდება არც ალიკაპი, არც საბელი. როდესაც ჩემს ქვეყანაში, გინდ იყოს ქართველი, გინდ იყოს უცხოელი, პრეტენზიას გამოთქვამს ამ დეკორატიული ძაღლის მისამართით, რატომ დადიან ქუჩაში, მაშინ ასეთ ადამიანს სჭირდება ალიკაპი და საბელი და აქვე დავამატებ, თუ ჩემმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული, რა თქმა უნდა, ის პასუხს აგებს კანონის წინაშე,მაგრამ მე ბევრი ეჭვი მაქვს როგორ მოხდა ის რომ ჩემი შვილი არის დაჭრილი. მოვითხოვ სათვალთვალო კამერის კადრების გასაჯაროებას და ბუნებრივია, მაქსიმალურად ვიქნები ჩართული ამ საქმეში და დავიცავ ჩემი შვილის უფლებებს“,- განაცხადა თამაზ ელიზბარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნინო ჟვანიას ქუჩაზე მოქალაქე დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოქალაქე ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას სხვა მოქალაქესთან შელაპარაკება მოუვიდა და დაჭრაც შელაპარაკების შედეგად მოხდა.

გავრცელებული ცნობით, დაჭრილია ადგილზე მდებარე საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.