პირველ რიგში, ვიტყვი, რომ სამართლებრივ ნაწილში პარლამენტის წარმომადგენლები სრულ ჩიხში არიან შესული, აბსურდამდე მივიდა მათი მტკიცება და ის, რასაც ისინი ამტკიცებენ არის წარმოუდგენელი და მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო ვერ გაიზიარებს იმას, რომ  მათი მტკიცების მიხედვით, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტს სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ურეკავს ტელეფონი არ უნდა აიღოს. ეს აბსურდია. ამაში შევიდა მათი სამართლებრივი დასაბუთება. მეორეა მტკიცებულებები. საქმეში აბსოლუტურად არ არის მტკიცებულებები. - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. 

" საერთოდ, არცერთი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, მათი პოზიცია არც მტკიცებულებებით არაა გამყარებული. 

ჩვენ გვაქვს მხოლოდ საქმიანი დამოკიდებულება. ვნახოთ ისინი როგორ მოიქცევიან და მინდა ერთ რამეზე გავაკეთო აქცენტი - ბატონ ოხანაშვილს უთქვამს, რომ პროცესიდან გავიქეცით, ოხანაშვილს ვურჩევთ, თუ რამის თავი აქვთ პროცესზე გვეკამათოს. სამი დღეა ზის და საერთოდ ხმა არ ამოუღია სასამართლო პროცესზე, სამი დეპუტატი ზის  და არაფერი უთქვამთ. ასე რომ, თუ რამის თავი აქვთ პროცესზე გვითხრან." - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვის მე-3 სხდომა დღეს გაიმართება. 

არსებითი განხილვა 3 ოქტომბერს დაიწყო.

პროცესში მონაწილეობა წარდგინების ავტორები: ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი და გიორგი კახიანი.

სხდომაში მონაწილეობას არ იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს  განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.