მოვითხოვ, რომ პარლამენტის წარმომადგენლებმა წარმოადგინონ მტკიცებულებები. ხაზგასმით ვამბობ- წარმოადგინონ მტკიცებულებები და თუ შეიძლება სასამართლომ მოსთხოვოს მათ იგივე სტანდარტით. - ასე მიმართა პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე. 

"ისინი, როდესაც ამტკიცებენ და თავიანთ წარდგინებაში აქვთ, რომ იქ იყო მოლაპარაკებების წარმოება, ან რაღაც ისეთი ქმედება, რომლითაც პრეზიდენტი შეიჭრა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში და უშუალოდ პოლიტიკის განხორციელებაში. გვაჩვენონ რა მოლაპარაკებები იყო. მათი მხრიდან არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი და ჩვენ მხარეს სთხოვთ მტკიცებულებებს.  არაფერში არ წერია ეს." - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

სასამართლო სხდომა ხვალ განახლდება. 

ცნობისთვის, სხდომაში მონაწილეობას არ იღებს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს". - დაწერა სალომე ზურაბიშვილმა. 

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

№1797 კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით", - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს  განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართულმა ოცნებამ" პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა 1-ელ სექტემბერს დაიწყო. უმრავლესობამ საკონსტიტუციოს მიმართა. 18 სექტემბერს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე განსახილველად საკონსტიტუციოს პლენუმს გადაეცა.