ბოლო წლებში, თავშესაფრის შესახებ საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების განხილვის დრო შემცირდა. რეპატრიაცია სწრაფად ხდება. თუმცა, კორონავირუსის შეზღუდვების დასრულების შემდეგ ქართველი განმცხადებლების რაოდენობა კვლავ მნიშვნელოვნად გაიზარდა, - წერს გერმანული პრესა მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. 

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნით 7644 პირველადი განცხადება გაკეთდა, რაც იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, რომ წლის ბოლოსთვის შარშანდელზე უფრო მეტი მოთხოვნა დაფიქსირდება.

საქართველო თავშესაფრის მაძიებლების აბსოლუტური რაოდენობის მიხედვით მეექვსეა, მოსახლეობის რაოდენობაზე გადათვლით კი პირველობას სირიას ეცილება.

მიმდინარე წლის სექტემბრამდე გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად არ განიხილავდა და ამის მიუხედავად, საქართველოს მოქალაქეთა განცხადებების დაკმაყოფილების მაჩვენებელი 0,4%-ს შეადგენდა.


მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახური, როგორც წესი, არ აღრიცხავს იმ მიზეზებს, რომელთა გამოც საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მაძიებელები ხდებიან, თუმცა წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევებიდან ჩანს, რომ საქართველოს მოსახლეობას სოციალურ-ეკონომიკური სიტუაცია და უმუშევრობა აწუხებს. სააკაშვილის ხელისუფლების ნეოლიბერალურმა პოლიტიკამ განაპირობა მოდერნიზაცია, მაგრამ ბევრისთვის ამას სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ მოჰყოლია, - წერს tagesschau.

ამის მაგალითს წარმოადგენს ჯანდაცვა, სადაც დერეგულაციამ მონოპოლიების შექმნა გამოიწვია და იმის მიუხედავად, რომ მომდევნო მთავრობამ გააფართოვა ჯანმრთელობის დაზღვევით მოცულთა რიცხვი, მოსახლეობის შედარებით დიდ ნაწილს მკურნალობისა და მედიკამენტების გადახდა საკუთარი ჯიბიდან უწევს და სერიოზული დაავადების შემთხვევაში ოჯახები სესხს მაღალი საპროცენტო განაკვეთით იღებენ. გარდა ამისა, მრავალი წელია, რაც დიდი უნდობლობაა ექიმების მიმართ.

ამიტომ, ბევრი ქართველი ევროკავშირში მძიმე ავადმყოფობისგან განკურნების იმედით მოდის. ამის მაგალითია ივლისში განხილული საქმე სახელმწიფო სოციალურ სასამართლოში. საქმე ეხება არასრულწლოვან თავშესაფრის მაძიებელს ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებით. ის 2022 წელს ჩამოვიდა მშობლებთან ერთად, რომლებსაც უკეთესი სამედიცინო დახმარების იმედი ჰქონდათ, რაიონმა მკურნალობის ხარჯების დაფარვაზე უარი განაცხადა. თუმცა, რაიონს მოეთხოვებოდა ხარჯების დროებით დაფარვა. სახელმწიფო სოციალურმა სასამართლომ მიუთითა ჰუმანური საარსებო მინიმუმის ფუნდამენტურ უფლებაზე, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.

მძიმედ დაავადებული ადამიანებისა და მათი ნათესავების ხანგრძლივი მოგზაურობის თავიდან აცილება შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ნაწილად განიხილავს და ამ მიმართულებით იმუშავებს.

ემიგრაციის მასიურ ტალღას დაპირისპირება აგრეთვე შესაძლებელია ევროკავშირის სასწავლო და სამუშაო პროგრამებით და მათში საქართველოს უფრო მეტად ჩართვით. ეს გათვალისწინებული იქნება მიგრაციის ხელშეკრულებაში, რომელსაც ფედერალური მთავრობა საქართველოსთან ერთად ამზადებს, თუმცა შინაგან საქმეთა ფედერალურმა სამინისტრომ ჩვენ თხოვნაზე ზუსტი კომენტარის გაკეთება არ ისურვა, - აღნიშნავს tagesschau.