თბილისის საკრებულოს წევრმა შალვა პერანიძემ დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დღევანდელ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას დიდი დიღმის, ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის გახშირებული შეწყვეტის შემთხვევებზე ისაუბრა და მარეგულირებელ ორგანოებს აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
„დიდ დიღომში, ვაშლიჯვარსა და სოფელ დიღომში გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევებმა განსაკუთრებით იმატა ზამთრის თვეებში. ამასთან ერთად, როგორც აღმოჩნდა, აბონენტთა უმეტესობას არც გამაფრთხილებელი შეტყობინებები მიუღია, ზოგ შემთხვევაში კი მიღებულ შეტყობინებაში მითითებული დრო ორჯერ და სამჯერ გადაიდო. ყოველივე ეს ზამთრის პერიოდში მოქალაქეების სიცივეში დარჩენას იწვევს“, - განაცხადა შალვა პერანიძემ.
მისივე განცხადებით, ბუნებრივია, ავარიული გამორთვებისგან დაზღვეული არავინაა, თუმცა მოქალაქეების გაუფრთხილებლად და ხანგრძლივი ვადით სიცივეში დატოვება დაუშვებელია.
„მინდა მოვუწოდო შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს, შეისწავლონ აღნიშნული საკითხები და მოახდინონ დროული და ეფექტიანი რეაგირება მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა შალვა პერანიძემ.








