ეკონომიკის მინისტრთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, მეტი ყურადღება დავუთმეთ ჰიდროელექტროსადგურების განვითარების საკითხს საქართველოში, – განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრაში.
ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას ორჯერ-სამჯერ მეტი დრო სჭირდება და ამდენჯერვე ძვირია, თუმცა მათ გაცილებით მაღალი დატვირთვის ფაქტორი აქვთ და, ამის გათვალისწინებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, საერთო ჯამში, ელექტროსისტემისთვის.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მთავრობამ შემოგვთავაზა კომუნიკაციის ისეთი ფორმა, რომლის დროსაც შეგვეძლება, ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე გავაცნოთ ჩვენი პოზიცია გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, რაც ხელს შეუწყობს დარგის უფრო სწრაფ განვითარებას, რაც დადებითად აისახება როგორც ზოგადად ქვეყნის, ისე მისი ცალკეული რეგიონების ეკონომიკურ ზრდაზე. მზისა და ქარის ელექტროსადგურების ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება და მათი პროცენტული წილი ჰიდროსადგურებისაზე ბევრად მეტია, არადა ჰესი საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.









