ადამიანი რომ ტირის და შენც რომ თანაზიარი ხარ იმ ტკივილისა, ეგეც სიყვარულის გამოვლინებაა, - ამბობს მამა ბასილ ფოსური, რომელიც ბავშვებს ყოველ კვირა ხვდება და ყველა მათ კითხვას პასუხობს. 

გორის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, საბავშვო მწერალი, პოეტი და სამრევლო სკოლის დამაარსებელი ფიქრობს, რომ ბავშვების სულიერად აღზრდა უმთავრესია ერის გადარჩენისთვის. 

„იმდენმა ადამიანმა ილაპარაკა სიყვარულზე, მაგრამ ბოლომდე ვერ იტყვი, რა არის სიყვარული...  წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთი არის სიყვარული და როგორც ღმერთია ამოუწურავი, ისევეა სიყვარულიც. თუმცა სიყვარული სხვადასხვა რამეში ვლინდება. ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ სიყვარულის გამოვლინებებზე. ათასი რეალური ფაქტი არსებობს თავგანწირვისა, ათასი მოთხრობა, თუ წიგნი დაწერილა და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის სიყვარული. სხვათა შორის გამოკითხვა ჩაატარეს, თუ არ ვცდები ამერიკაში, გაიმარჯვა 4 წლის ბავშვის ნათქვამმა. რა არის სიყვარულიო ეკითხებიან, ის ამბობს - აი, ადამიანი რომ ტირისო და რომ მიხვალ და შენც რომ ტირიხარო, ტირილში რომ მიეხმარებიო, ეს არის სიყვარულიო. მოციქული პავლეს სიტყვები რა იცოდა ამ ბავშვმა, რომელიც  ამბობს - მოტირალთათანა იტირეთო და მოხარულთათანა იხარეთო. რომ ტირის ადამიანი და შენც რომ გაიზიარებ მის ტკივილს... ამ ბავშვმა თავისებურად გადათარგმნა, მივეხმარებიო ტირილში. რომ ტირის და შენც რომ თანაზიარი ხარ იმ ტკივილისა, ეგეც სიყვარულის გამოვლინებაა“, - ამბობს მამა ბასილ ფოსური.