იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალში ოფიციალურად გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო დედის რძის პირველმა ბანკმა საქართველოში.
ინფორმაციას ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
მინისტრის განცხადებით, დედის რძის ბანკის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით მაღალი რისკის მქონე ახალშობილების ზრდა-განვითარების მხარდაჭერის კუთხით.
ამასთან, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ აღნიშნა, რომ პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს დღენაკლული და მაღალი რისკის ახალშობილების ჯანმრთელობის დაცვაში
„პროგრამის მთავარი მიზანია უსაფრთხო მკურნალობის პირობების შექმნა და სრულფასოვანი ზრდა-განვითარების მხარდაჭერა. ინიციატივა ხელს შეუწყობს გართულებების, მათ შორის მძიმე ინფექციებისა და განვითარების შეფერხების რისკის შემცირებას“, – აღნიშნა აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
„დედის რძის ბანკის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, „ვიანის“ გენერალური დირექტორი ირაკლი გოგია, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის ხელმძღვანელი პირები, ნეონატოლოგები და პედიატრები.
პროგრამით ისარგებლებენ მაღალი რისკის ახალშობილები, რომელთა შერჩევა განხორციელდება განსაზღვრული სამედიცინო რისკფაქტორების მიხედვით. ქალის დონორული რძის გაცემა მოხდება ნეონატალური სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ვაუჩერული სისტემის გამოყენებით“, -ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




