2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროსა და ფედერალური პოლიციის ინიციატივით, დაცვისა და უსაფრთხოების
ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების, ასევე, მასპინძელი ქვეყნის პოლიციის დანაყოფებისთვის ხელშეწყობის მიზნით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მიწვეულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და საზოგადოებრივ საქმეთა ფედერალურ სამინისტროებს შორის, განზრახულობათა
ერთობლივ დეკლარაციას ხელი მოეწერა.

მიმდინარე წლის 8 ივნისს, ბამბერგის სასწავლო ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 10 თანამშრომელი გაემგზავრება, რომლებიც 10 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით, სხვა ქვეყნების
პოლიციის ოფიცრებთან ერთად გაივლიან ერთობლივ სასწავლო კურსს.

კურსის დასრულების შემდეგ, ისინი გადანაწილდებიან აეროპორტებში, ასევე, რკინიგზის სადგურებში და გერმანული პოლიციის ოფიცრებს ქართველ გულშემატკივართან ეფექტურ კომუნიკაციასა და მართლწესრიგის დაცვაში დაეხმარებიან.

10 ივნისს ფუნქციონირებას იწყებს ევროპის ჩემპიონატის დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრი, რომელიც განთავსებული იქნება გერმანიის
რესპუბლიკაში, ქალაქ ნოისში.

ცენტრი, რომელიც შედგება ეროვნული ფეხბურთის 300-ზე მეტი საინფორმაციო  ცენტრების მეკავშირე ოფიცრებისა და მობილურ ჯგუფებში განაწილებული ფეხბურთის სპოტერებისგან, ჩემპიონატის ფარგლებში ჩასატარებელ საფეხბურთო მატჩებზე საერთაშორისო საპოლიციო ინფორმაციის ოპერატიულ და უწყვეტ გაცვლას, რისკების შეფასებასა და ანალიზს უზრუნველყოფს. ასევე, განახორციელებს  ღონისძიებები ს ჩატარების და გულშემატკივართა შეკრების ადგილებზე მობილიზებულ პოლიციის ოფიცრებთან კოორდინირებულ მუშაობას.

აღნიშნულ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ცენტრში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარდგენილნი იქნებიან სამინისტროს ადმინისტრაციის სპორტული და კულტურული ღონისძიებების უსაფრთხოების სამმართველოს ორი თანამშრომელი, ხოლო მობილურ ჯგუფად, სტადიონებსა და გულშემატკივართა შეკრების ადგილებში სამუშაოდ სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ორ-ორი წარმომადგენელი.


აღნიშნული თანამშრომლები გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრებიან 2024 წლის 9 ივნისს.
სამინისტროს დელეგაცია გერმანიის რესპუბლიკაში დარჩება და განახორციელებს საქმიანობას საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების UEFA-ს 2024 წლის ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატზე ასპარეზობის პერიოდში.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.