უკრაინის სოლიდარობის ნიშნად UEFA-ს ახალგაზრდულ ტურნირებს ბოიკოტს ინგლისი, პოლონეთი და ლატვია უცხადებენ.
უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ დაგმო ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) გადაწყვეტილება, საერთაშორისო ტურნირებზე დააბრუნოს 17 წლამდე ასაკის რუსი ფეხბურთელები, რომლებსაც მონაწილეობა აკრძალული ჰქონდათ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ.
კიევი მიიჩნევს, რომ მიმდინარე ომის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და რუსეთის აგრესიული პოლიტიკისადმი ტოლერანტობას ნიშნავს. უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია მოითხოვს, რომ UEFA-მ გადაწყვეტილება შეცვალოს.
უკრაინა ადასტურებს, რომ არ აპირებს საერთაშორისო ტურნირებში რუს სპორტსმენებთან ერთად მონაწილეობას და UEFA-ს წევრ სხვა ქვეყნებს მიმართავს, ბოიკოტი გამოუცხადონ მატჩებს, რომლებშიც მონაწილეობას რუსი ფეხბურთელები მიიღებენ.
UEFA-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა 26 სექტემბერს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება, თავისი ეგიდით გასამართ ტურნირებზე დააბრუნოს 17 წლამდე ასაკის რუსი ფეხბურთელები. UEFA-ს განცხადებით, ის იყო პირველი სპორტული ორგანო, რომელმაც უკრაინაში ომის გამო ყველა შეჯიბრებას ჩამოაშორა რუსეთის გუნდები, გააუქმა პეტერბურგსა და ყაზანში დაგეგმილი ჩემპიონთა ლიგის და სუპერთასის ფინალები და სასპონსორო კონტრაქტი შეწყვიტა რუსულ კონცერნ „გაზპრომთან“.
ამასთან, UEFA მიიჩნევს, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხისმგებლობა უფროსებს ეკისრება და ფეხბურთმა არ უნდა შეწყვიტოს მშვიდობის და იმედის გზავნილები. აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 17 წლამდე ასაკის რუს ფეხბურთელებს UEFA-ს ეგიდით მატჩებში მონაწილეობის უფლება ექნებათ რუსეთის დროშის, ჰიმნის და ეროვნული ნაკრების ფორმის გარეშე.