ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებში ჩართული თანამშრომლების მიმართ დაწყებული დისციპლინარული წარმოების შედეგებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, საქართველოს პირველი არხი ინფორმაციას ავრცელებს.
რამდენიმე თვის განმავლობაში ამ პროცესში ჩართულ თანამშრომელთა მცირე ნაწილის მხრიდან გამოვლინდა მათსა და საზოგადოებრივ მაუწყებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების, მაუწყებლის თანამშრომელთა ორგანიზაციული სახელმძღვანელოს (შრომის შინაგანაწესის), ასევე შიდა ლოკალური აქტების მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.
აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის, ანალიტიკური პროგრამების, თუ სოციალური თემატიკის გადაცემების წამყვანებსა და ჟურნალისტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და სტანდარტების დაცვის ვალდებულება ეკისრებათ როგორც აუდიტორიის, ასევე ორგანიზაციის წინაშე. ჟურნალისტის პროფესია თავის თავში აერთიანებს ჟურნალისტის არა მარტო უფლებებსა და თავისუფლებას, არამედ ასევე ითვალისწინებს მათ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული სტანდარტის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მედიასაშუალებისათვის, როგორიცაა საზოგადოებრივი მაუწყებელი და მისი გადაცემების/პროგრამების წამყვანი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქცეს ისეთი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური მოვლენების მხარედ, რაც გამორიცხავს, ან თუნდაც ეჭვის ქვეშ დააყენებს მაუწყებლის ან/და მისი, როგორც წამყვანის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას.
გასათვალისწინებელია ის, რომ საჯარო სივრცეში გავრცელებული განცხადებებით, ზემოაღნიშნულ თანამშრომელთა ნაწილმა სრულად ამოწურა დამსაქმებელთან საქმიანი და კონსტრუქციული ურთიერთობის რესურსი, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალურ თანამშრომლობას.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების და ორგანიზაციის შრომის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევის გამოვლენის მიზნით, დისციპლინური წარმოება დაიწყო ორგანიზაციის ექვსი თანამშრომლის მიმართ.
მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში მუშაობა და თანამშრომლობა არის ორმხრივი ნების გამოვლენისა და სურვილის შედეგი, რასაც არ ჰქონდა ადგილი მოცემულ შემთხვევაში, რის გამოც, საქართველოს პირველი არხის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება გადაცემის – „რეალური სივრცე“ წამყვანთან, ნინო ზაუტაშვილთან და საინფორმაციო გადაცემის – „მოამბე“ წამყვანთან, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან შეწყდეს შრომითი ურთიერთობა. აღნიშნული დისციპლინური წარმოების ფარგლებში მაუწყებლის სხვა თანამშრომლების: გადაცემა „რეალური სივრცის“ კორესპონდენტის, თამარ მშვენიერაძის, ამავე გადაცემის წამყვანის, იოსებ კაციტაძის, პულტის რეჟისორის და შეთავსებით სპორტული არხის რეჟისორის, კახაბერ მელიქიძის, ბრენდინგისა და პრომოციის ჯგუფის რეჟისორის, ირმა ჩუბინიძის მიმართ გამოყენებულია სხვა სახის დისციპლინური სანქციები.
მოკვლევის პროცესის შედეგების შეფასება რამდენიმე დასაქმებულთან მიმართებაში კვლავ მიმდინარეობს და პროცესის დასრულების შემდგომ საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ინფორმაცია დისციპლინარული წარმოების შედეგების შესახებ.
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არის დამოუკიდებელი მედიაორგანიზაცია, რომელიც ხელმძღვანელობს მოქმედი კანონმდებლობით, მის მიერ საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით შემუშავებული რეგულაციებით. საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე თავდასხმა, ცრუ ბრალდებების ტირაჟირების კამპანია, რომელიც აზიანებს მის იმიჯსა და რეპუტაციას, მიუხედავად იმისა, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, არ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე.
ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილება არის სამართლიანი, მიუკერძოებელი და სამართლებრივად დასაბუთებული. საზოგადოებრივი მაუწყებელი მიჰყვება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ პროცესს.