საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებას "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ.
"მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ჯგუფების მიერ გაკეთებულ მორიგ აბსურდულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს იმის შესახებ, თითქოს, „ოთარ ფარცხალაძე მართავს და აკონტროლებს ფინანსთა სამინისტროს სამსახურებს და უზრუნველყოფს სანქცირებული ტვირთების შეუფერხებლად გადაადგილებას“.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფი და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციები, წელიწადზე მეტია, მიზანმიმართულად აზიანებენ ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს და შეგნებულად, ჩრდილს აყენებენ ქვეყნის რეპუტაციას, დაუსაბუთებლად ამტკიცებენ რა, რომ საქართველო არღვევს საერთაშორისო სანქციებს.
ფინანსთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ საქართველო ეფექტურად განაგრძობს საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. სამინისტროს ყველა შესაბამის სამსახურს, აქვს მუდმივი კონსულტაციები ჩვენი პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან.
საქართველოს წარმატებული მუშაობა სანქციების აღსრულების მიმართულებით, აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე და მიუხედავად ამისა, კვლავაც არ წყდება ყალბი ინფორმაციების გავრცელება პოლიტიკურად მოტივირებული პირების მიერ.
საზოგადოებისთვის, ასევე, ცნობილია ის პოზიტიური შეფასება, რაც ფინანსთა სამინისტრომ სანქციების აღსრულების ნაწილში დაიმსახურა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ჯეიმს ო’ბრაიენისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორის, კუმარ აიერის ვიზიტის დროს.
მიუხედავად ამ აბსურდული განცხადებებისა, რომლებსაც აქვთ კონკრეტული, ვიწროპარტიული ამოცანები, ფინანსთა სამინისტრო და მისი სამსახურები, კვლავ, წარმატებით გააგრძელებენ მუშაობას მათზე დაკისრებული მოვალეობების ეფექტურად შესრულებისთვის." - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
ოთარ ფარცხალაძე კი აცხადებს, ჩემ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კონკრეტული ადამიანების ინსპირირებულია და ამ ათწლიანი დისკრედიტაციის კამპანიის დაგვირგვინებაა
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, სანქცირებულ პირს, ოთარ ფარცხალაძეს ეზღუდება, როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა
ცნობისთვის, ოთარ ფარცხალაძე იყო საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბრიდან 30 დეკემბრამდე