სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაციის წევრებმა - საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სოფიო ჯობავამ და ციფრული არქივების სამსახურის უფროსმა ზვიად მელქაძემ - შეხვედრები გამართეს ბრიტანელ კოლეგებთან, რომელთაც საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს ციფრული არქივაციის, ელექტრონული მმართველობისა და დოკუმენტების დიგიტალიზაციის მიმართულებით. მხარეებმა განიხილეს ამ სფეროში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.
ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ბრიტანეთის ეროვნული და ლონდონის არქივების ინფრასტრუქტურა, მიმდინარე ექსპოზიციები, გაეცნენ ფონდებში არსებულ დოკუმენტებს საქართველოს შესახებ. გარდა ამისა, ეწვივნენ ლამბესის სასახლის ბიბლიოთეკას (ინგლისის ეკლესიის ეროვნული ბიბლიოთეკა და არქივი), სადაც გაეცნენ საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის ამსახველ საარქივო მასალას.
ეროვნული არქივის წარმომადგენლებმა კოლეგებთან განიხილეს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, საპასუხო ვიზიტისა და ელექტრონული არქივაციის მიმართულებით ბრიტანული გამოცდილების შემდგომი გაზიარების შესაძლებლობა.








