საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საიტზე ფოტოგრაფ შალვა გოქაძის კოლექციის ნაწილი გამოქვეყნდა.
შალვა გოქაძე 1950-იანი წლებიდან ქართული პერიოდული პრესის ფოტორეპორტიორი იყო. მის კოლექციაში წარმოდგენილია კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეების პორტრეტები; თეატრალური, საოპერო და საბალეტო სპექტაკლების, საესტრადო და კლასიკური მუსიკის კონცერტების ამსახველი კადრები; თბილისის ხედები, არქიტექტურა და სოციალური ყოფა. კოლექციაში დაცული 1000-ზე მეტი ფოტოდან ონლაინკოლექციისათვის 70-მდე სურათი შეირჩა.
კოლექცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/shalva-gokadzis-fotokolektsia-1
აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივის ვებგვერდზე ამ დრომდე უკვე განთავსებულია 10-მდე საავტორო და თემატური ფოტოკოლექცია.









