საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დელეგაცია, პოლონეთის სახელმწიფო არქივის მიწვევით, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლონელი კოლეგების გამოცდილებასა და ადგილობრივი არქივების მუშაობას გაეცნენ.

ეროვნული არქივის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ილია ლომიძემ და საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა სოფიო ჯობავამ ვარშავის სახელმწიფო არქივი, ასევე კრაკოვსა და კატოვიცეში ახლად გახსნილი საარქივო ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. მასპინძელი არქივების ხელმძღვანელებმა სტუმრებს გააცნეს დოკუმენტების საცავების მოწყობის თანამედროვე ხედვები, იქ მოქმედი კონდიცირება-ვენტილაციისა და ხანძარქრობის უახლესი სისტემები, რესტავრაციის ლაბორატორიებში მიმდინარე სამუშაოები, სამკითხველო დარბაზები და საარქივო კოლექციებში დაცული გამორჩეული ისტორიული საბუთები.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა პოლონეთის სახელმწიფო არქივის გენერალურ დირექტორ პაველ პიეტშიკთან, რომელთანაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, ქართველი რესტავრატორები პოლონეთის სახელმწიფო არქივის რესტავრაციის ლაბორატორიას ეწვევიან.

 

ეროვნული არქივის დელეგაციის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოსა და პოლონეთის არქივებს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობასა და პროფესიულ კავშირებს.