კორეის რესპუბლიკის ქალაქ ბუსანში იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 48-ე სესია მიმდინარეობს.

საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, სესიაში მონაწილეობს საქართველოს კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია.

„საქართველოს სახელით სიტყვით გამოსვლის დროს, სალომე ჯამბურიამ მადლობა გადაუხადა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტს, იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, ICOMOS-სა და ICCROM-ს საქართველოსთან მრავალწლიანი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

სესიის ფარგლებში კომიტეტმა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი „მცხეთის ისტორიული ძეგლების“ კონსერვაციის მდგომარეობა განიხილა. მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები.

საქართველო მიესალმება კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, სრულად იზიარებს შემოთავაზებულ რეკომენდაციებს და მზად არის მათი ეფექტიანი განხორციელებისთვის მცხეთის ისტორიული ძეგლების გამორჩეული ზოგადსაკაცობრიო ღირებულების გრძელვადიანი დაცვისა და მდგრადი მართვის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.