გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა ინიციატივით, რომ პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებად პარკებს ჩაენაცვლებინა.

როგორც „აიპრესს“ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილემ ირმა გურგულიანმა განუცხადა, ეს ნებაყოფლობითია და რამდენიმე კომპანიამაც გამოთქვა სურვილი, რომ პოლიეთილენი ბიოდეგრადირებადი პარკებით ჩაენაცვლებინა. 

„ჩვენ ყველა კომპანია დავიბარეთ და ყველას გავაცანით. ვისაც სურვილი ჰქონდა, ამ პროცესში ჩაერთო - სააფთიაქო ქსელებიდან „პე ეს პე“, ასევე სავაჭრო ქსელები „სმარტი“, „კარფური“. ეს ვალდებულება არ არის, რადგან გვესმის, მოხმარებიდან პოლიეთილენის პარკები მთლიანად რომ ამოიღონ და ბიოდეგრადირებად პარკებზე, რომ გადავიდნენ, გარკვეულ თანხებს უკავშირდება“, - აღნიშნა ირმა გურგულიანმა. 

მისი თქმით, ქვეყანაში ბიოდეგრადირებადი ცელოფნის სტანდარტის დამკვიდრებაზე მუშაობა მიმდინარეობს. 

„რაც შეეხება ბიოდეგრადირებად ცელოფანს, ქვეყანაში თუ კი ამის მთლიანად გატარებას მოვინდომებთ, როგორც სავალდებულოს, უნდა შეიქმნას ბიოდეგრადირებული პარკის სტანდარტი, ანუ შეიძლება იყოს დაშლადი ეს ცელოფნები, მაგრამ შემადგენლობა იყოს ისეთი, რომ შეიძლება ის უფნო მავნე იყოს, ვიდრე იმ პარკების ის მავნე ზემოქმედება, რასაც ვხედავთ. 

აქედან გამომდინარე, რადგან ჯერ ასეთი სტანდარტი არ არის ქვეყანაში, ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ გვქონდეს ბიოდეგრადირებადი პარკის სტანდარტი, როგორიც ვთქვათ ევროკავშირს აქვს. ამაზე დონორებთანაც გვაქვს საუბარი, რომ ჩვენის მხრივ სამომავლოდ ეს პოლიტიკა უფრო მდგრადი იყოს“, - განაცხადა ირმა გურგულიანმა. 

როგორც გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის. პოლიეთილენის პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი 3-6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.