სახალხო დამცველის ლევან იოსელიანი განცხადება 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელთა მიღებასთან დაკავშირებით საგამონაკლისო წესის შესახებ

"საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2026-2027 სასწავლო წელს, საგამონაკლისო წესით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცემათ იმ ბავშვებსაც, რომელთაც 6 წელი მიმდინარე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

სახალხო დამცველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მომართეს მშობლებმა, რომელთაც მიაჩნდათ, რომ დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ირღვეოდა მათი შვილების უფლებები, ვინაიდან მათ უკვე გავლილი ჰქონდათ სასკოლო მზაობის ეტაპი და შეეძლოთ აღნიშნულის დადასტურებაც.

მნიშვნელოვანია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს მშობლების მიერ წამოჭრილ პრობლემებს და უზრუნველყოფს მითითებულ პერიოდში დაბადებული ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებებისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებას.

სახალხო დამცველი  გამოთქვამს იმედს, რომ განათლების პოლიტიკის შემდგომი დაგეგმვის პროცესში ერთ-ერთ ძირითად პრინციპად გათვალისწინებული იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესები და  მსგავსი საკითხები განიხილება შესაბამისი დაინტერესებული მხარეების აქტიური  ჩართულობით." - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.