სახალხო დამცველის განმარტებით, ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია.

ამის შესახებ დამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ომბუდსმენის 2015 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიში უჩა ნანუაშვილმა მედიას დღეს გააცნო.

“საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემურია ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება,  ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება. ბავშვთა  განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში ხელისუფლების საგანგებო ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. გარდა ამისა, მწვავე პრობლემები ფიქსირდება მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებსა და რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებული პანსიონებში. ამასთან, კვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან.

პრობლემას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა. კერძოდ, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაცია. ასევე, საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი. კვლავ სერიოზული კითხვის ნიშნები ჩნდებოდა სეკულარიზმის პრინციპის ეფექტურ განხორციელებასთან დაკავშირებით.

დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი, სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ”,-აღნიშნულია ანგრიშში.