საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საინფორმაციო-სასწავლო კურსი ჩატარდა.
შეხვედრას თბილისში მოქმედი მხარდაჭერის მიმღები პირების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრის გახსნისას საინფორმაციო-სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა.
მისი შეფასებით, სასწავლო კურსში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომელიც მხარდაჭერის მიმღები პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის არის საჭირო.
საინფორმაციო კურსის მნიშვნელობას, ასევე, ხაზი გაუსვა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა რუსუდან კოხოძემ.
მისი განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება იმისთვის, რომ სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები საარჩევნო საკითხების შესახებ მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულები.
ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელის ნათია ზაალიშვილის განცხადებით, საინფორმაციო-სასწავლო კურსისა და სპეციალურად შემუშავებული მეთოდოლოგიის მეშვეობით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა 170-მდე ბენეფიციარს (მხარდაჭერის მიმღები პირები) გააცნონ ხმის მიცემის პროცესში ამომრჩევლებისთვის გათვალისწინებული სიახლეები და საარჩევნო სერვისები.
თავის მხრივ ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ჩართულობის უზრუნველყოფის მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რენატა ლევოვსკიმ.
საინფორმაციო-სასწავლო კურსის ფარგლებში 8 არასამთავრობო ორგანიზაციის, 14-მდე წარმომადგენელმა დეტალური ინფორმაცია მიიღო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გათვალისწინებული ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ, ამასთან პრაქტიკაში თავად გამოცადეს ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობა.
კურსის ფარგლებში მიღებულ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მხარდაჭერის მიმღებ პირებს თავად გაუზიარებენ. სასწავლო მოდული ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ შეიქმნა მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის მარტივად წასაკითხ ფორმატში შემუშავებული არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევის მიხედვით. გზამკვლევი წელს პირველად შეიქმნა და სწორედ მისი გამოყენებით მოხდება მხარდაჭერის მიმღებ პირთა ინფორმირება არჩევნების შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებში მხარდაჭერის მიმღებ პირთა მონაწილეობის საკითხებზე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.