8 ივლისიდან საგანმანათლებლო პროექტი „ცესკოს საარჩევნო სკოლები“ იწყება. პროექტის დაწყებამდე კი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ტრენერთა ტრენინგი (ToT). სწავლება, რომელიც რამდენიმე ეტაპად ხორციელდება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში საგანმანათლებლო პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად აგრძელებს საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, რაც ადმინისტრაციისთვის არის კარგი შესაძლებლობა 2024 წლის საერთო არჩევნებისთვის გადაამზადოს პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სასწავლო პროექტი წელს პირველად განსხვავებული კონცეფციით ჩატარდება.
საარჩევნო ტექნოლოგიების ინტერვენციამ ადმინისტრაცია მრავალი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის ერთ-ერთი იყო კვალიფიციური საკადრო რესურსი. სწორედ ამიტომ, პროექტის უმთავრეს მიზანს საარჩევნო საკითხებთან და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მონაწილეების ცნობიერების ამაღლება, ხოლო მეორე მხრივ, პოტენციური საარჩევნო ადმინისტრატორების გადამზადება წარმოადგენს.
საარჩევნო სკოლის წარმატებით განხორციელებისთვის კი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს გადამზადების ციკლი იმ პოტენციური ტრენერებისთვის, რომლებიც შემდგომ ჩაერთვებიან ამ პროექტში და მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამზადებენ მონაწილეებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ტრენერთა ტრენინგის გახსნისას.
ტრენერთა ტრენინგი 24 ივნისს დაიწყო და 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. უშუალოდ საგანმანათლებლო პროექტი კი 8 ივლისს დაიწყება და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება.