ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო ხულოში, „უნიმედ აჭარაში“ გარდაცვლილი 24 წლის პაციენტის, დავით დავითაძის საქმეზე პირველად დასკვნას ავრცელებს. რეგულირება მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში არაერთი ნორმა იქნა დარღვეული, რასაც შესაბამისი ორგანოების მხრიდან კიდევ უფრო დეტალურად შესწავლა და რეაგირება ჭირდება.

2011 წლის ნოემბერში სახელმწიფოსა და შპს „უნიმედი აჭარას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, ხულოს, შუახევის, ქედას, ქობულეთის მუნიციპალიტეტებში შპს „უნიმედი აჭარამ“ დაიწყო ფუნქციონირება და აიღო ბაზისური სამედიცინო სერვისების განხორციელების ვალდებულება 7 წლის განმავლობაში.

დასკვნაში მოყვანილი ინფორმაციის თანახმად: სამედიცინო მომსახურების შეუფერხებელად მიწოდების ხელშეწყობისათვის, სახელმწიფომ უზრუნველყო შპს „უნიმედი აჭარისათვის“ შესაბამისი საქმიანობის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემა, მათ შორის იყო „უნიმედი აჭარას“ შუახევის ახალი სტაციონარისათვის ქირურგიული და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის საქმიანობისათვის საჭირო მოწმობები.

აღნიშნული სერვისების განხორციელება, კანონმდებლობით, მოითხოვდა რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფასაც, რომელიც, მთავრობის შესაბამისი დადგენილებით, შესაძლებელია ხელშეკრულებით, სერვისის დროული და ოპერატიული მიწოდების პირობით.

დაწესებულების მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული სერვისის უზრუნველყოფის ვალდებულება ითვალისწინებდა უახევში რეანიმობილის და შესაბამისი სამედიცინო პერსონალის განთავსებას. მათი წინადადებით: „ადექვატური პრეჰოსპიტალური სამსახურის პირობებში, რაიონული კლინიკიდან 30 წუთიანი და რეგიონალური ჰოსპიტალიდან 60 წუთიანი დაშორება ქმნის უსაფრთხო და კომფორტულ სისტემას, როგორც მწვავე, ასევე ამბულატორიული და გეგმიური პაციენტებისათვის“.

სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ მიერ წარმოდგენილი ხედვა მიუღებელია სამინისტროსთვის, მით უფრო, რომ ამჟამად შპს „უნიმედი აჭარა“ არ ფლობს „სასწრაფო სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიას“ და ლიცენზიის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „უნიმედი აჭარამ“ ვერ უზრუნველყო წარმოდგენილ რეფერალურ ქსელში ჩართულობის სქემით გათვალისწინებული ვალდებულება და შესაბამისად, რისკის ქვეშ დააყენა ქირურგიული და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის სერვისის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

ვფიქრობთ, შეიქმნა გარემოებები, რის გამოც დროულად და ოპერატიულად ვერ განხორციელდა პაციენტისათვის ადექვატური სამედიცინო დახმარება.

პაციენტ დავით დავითაძის სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებით:

2015 წლის 3 მაისს 18.50სთ-ზე, 24 წლის პაციენტი დავით დავითაძე, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობისა და ჰემორაგიული შოკის დიაგნოზით, მიყვანილ იქნა შპს „უნიმედი აჭარის შუახევის სამედიცინო ცენტრში“.

სტაციონარში ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ მორიგე ექიმი-პედიატრი. ცენტრში არ იმყოფებოდა ქირურგი, ასევე, არ იყო ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი და ტრანსფუზიოლოგი; დაწესებულებას ადგილზე არ გააჩნდა სისხლი და სისხლის კომპონენტები.

სამედიცინო ბარათში არსებული ჩანაწერებით: მიუხედავად იმისა, რომ პაციენტის სტაციონარში მიყვანიდან 10 წუთში ექოსკოპიური კვლევით მუცლის ღრუში ნანახი იქნა ,,დიდი რაოდენობით თავისუფალი სითხე“, მხოლოდ 40 წუთის შემდეგ (მიყვანიდან 50 წუთში !) იქნა შესაძლებელი ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის ხულოდან ჩამოყვანა და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების დაწყება (,,ინტუბაცია, ვაზოპრესორული მხარდაჭერა, გადაყვანა საოპერაციო ბლოკში“).

სამწუხაროდ, აღნიშნული ღონისძიებების დაწყებიდან 10 წუთში (მიყვანიდან 1 საათში) დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. ქედას და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ქირურგების ცენტრში მისვლის დრო ემთხვევა პაციენტის გარდაცვლების დროს.

ამასთან, სანიმისტროს უფლებამოსილი უწყების ინფორმაციით: შპს „უნიმედი აჭარის შუახევის სამედიცინო ცენტრის“ მორიგე ექიმის მიერ გამოძახება გაკეთებულია სხვა პაციენტზე (?!) და თანაც პაციენტ დავით დავითაძის მიყვანიდან 42 წუთში;

“გამოძახება” შეასრულა შპს ,,კატასტროფის მედიცინის პედიატრიული ცენტრის“ ბრიგადამ, რომელიც გამოძახების ადგილზე ჩავიდა პაციენტის გარდაცვალების შემდეგ;

ზოგადად, ქრონოლოგიურად არათანმიმდევრული და ურთიერთშეუსაბამოა კატასტროფის მედიცინის ცენტრის გამოძახება/გადაადგილებასთან დაკავშირებული მონაცემები (დრო, გადაცემული ინფორმაცია და ა.შ.).

ადგილზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ასევე, დაფიქსირდა, რომ: სტაციონარს არ გააჩნია საანესთეზიო მოწყობილობით აღჭურვილი საოპერაციო ბლოკი სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის მომსახურებისთვის;

დარღვეულია მრავალჯერადი გამოყენების სამედიცინო იარაღების, საგნების და მასალების სტერილიზაციის რეჟიმი და სხვა. სანებართვო პირობების აღნიშნულ დარღვევებზე შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჩაბარდა შუახევის მაგისტრატ სასამართლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვერ შესრულდა სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, პაციენტი არ იქნა უზრუნველყოფილი დროული და ადეკვატური სამედიცინო დახმარებით.