თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო.

"სასამართლო განხილვისას დადასტურდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

ბიტკოინის მაინინგის მომსახურების უზრუნველყოფას ახდენდა უცხოური კომპანია, მსჯავრდებულის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ საწარმოსთან 2015 წლის ივლისში დადებული 1-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულების ღირებულებად 6 305 000 აშშ დოლარი განისაზღვრა, საიდანაც ინვესტორის კუთვნილი თანხა შეადგენდა 5 000 000 აშშ დოლარს, ხოლო მსჯავრდებულის - 1 305 000 აშშ დოლარს.

შეთანხმებისამებრ, გიორგი ბაჩიაშვილს დაევალა თანხების ინვესტირების ტექნიკური განხორციელების უზრუნველყოფა, ხოლო სავარაუდოდ მისაღები მოგება, მხარეთა შორის ინვესტირებული თანხების პროპორციულად უნდა განაწილებულიყო. ასევე შეთანხმებისამებრ, ინვესტიციის შედეგად გამომუშავებული კრიპტოვალუტის აკუმულირება უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულის გამგებლობაში არსებული საწარმოს კუთვნილ კრიპტო საფულეზე.

ინვესტიციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, 1 წლიან პერიოდში გამომუშავებული იქნა 24 661.85 ბიტკოინი, საიდანაც ჩადებული თანხების პროპორციულად და გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, ინვესტორის მიერ სუფთა მოგების სახით მისაღები კრიპტოვალუტა 8 986.86 ბიტკოინს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილმა, რომლის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაშიც იმყოფებოდა მაინინგის შედეგად გამომუშავებული სრული კრიპტოვალუტა, არ გადასცა და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დაზარალებული ინვესტორის კუთვნილი 8 986.86 ოდენობის ბიტკოინი.

განსაკუთრებით დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების შემდეგ, მსჯავრდებულმა დაუფლებული აქტივების უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, კრიპტოვალუტის სხვადასხვა საფულეებზე გადატანის ოპერაციების, განაღდების, სხვადასხვა ეკონომიკური თუ სხვა სახის ურთიერთობაში ჩართვის, მისით სარგებლობის, ქონებების შეძენისა და ფლობის, კონვერსიის და სხვა ქმედებების განხორციელებით, დამალა და შენიღბა მისი ნამდვილი ბუნება, წარმოშობის წყარო, ადგილმდებარეობა, განთავსება, მოძრაობა, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული უფლებები, რითაც მიღებული უკანონო აქტივების თავისუფლად განკარგვისა და გამოყენების შესაძლებლობა მიეცა. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებულმა განახორციელა მითვისებული აქტივების ფლობა და სარგებლობა, გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა/ფლობა და სხვა მოქმედება, რითაც მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის - 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, გიორგი ბაჩიაშვილი დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება), 194-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა კიდევ ორ საქმეზე - „მტკვარი ჰესის“ პროექტის განხორციელების დროს სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტებზე მიმდინარეობს." - ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

ცნობისთვის, სასამართლომ ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო სარჩელი დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს 9000-მდე ბიტკოინის დაბრუნება დაავალა 

გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით პატიმრობა შეეფარდა - სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, მოახდინა მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებული კრიპტოვალუტის, 8 986.86 ოდენობის ბიტკოინისა და მისი განკარგვის შედეგად მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაცია

ასევე, გიორგი ბაჩიაშვილისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარების ბრალდებით 48 წლის პირი დააკავეს - ამოღებულია 3800 აშშ დოლარი, 525 ლარი და 66,000 სომხური დრამი (ვიდეო)