სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა  ცხოველთა უფლებადამცველებსა და ვეტერინარებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების  პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.

სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა  და პროცესში მათი  ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა.   ცხოველთა უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ ინიციატივა დროული და მისასალმებელია. მხარეებმა პროგრამის განხორციელების პროცესში ცხოველების აყვანის, ვეტერინარული მანიპულაციების,  აღრიცხვიანობის, მონიტორინგისა და არეალში დაბრუნების საკითხებზე იმსჯელეს.

სააგენტოს მხრიდან აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა  აქტიურად გაგრძელდება და  პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.   პროგრამა   ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები   ხელს შეუწყობს  ცხოველების  პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას,   ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.

პროგრამა, პირველ ეტაპზე,   ბათუმის, ქუთაისის და  გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.