საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ “Pro V&V”-მ საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისობის აუდიტის მესამე ფაზის შედეგები გადმოსცა.

შეხვედრა დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა და ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია აუდიტის ძირითადი მიგნებების შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სამივე ფაზის აუდიტის შედეგები ცხადყოფს, რომ საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები მუშაობს გამართულად და შესაბამისობაშია საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

„გაიმართა შემაჯამებელი შეხვედრა ამერიკული კომპანია “Pro V&V”-ის შესაბამისობის განმახორციელებელ აუდიტორებთან, რომლის ფარგლებშიც გადმოგვეცა მესამე ფაზის ანგარიში ტექნოლოგიურ საშუალებებთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სამივე ფაზის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ტექნოლოგიური საშუალებები, ისევე როგორც შესაბამისი ბიზნეს პროცესები სრულ თანხვედრაშია ქართულ კანონმდებლობასთან და საერთაშორისო კარგ პრაქტიკასთან. ფაქტობრივად, ყველა კითხვაზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა, ამომწურავი პასუხია გაცემული. მოხარული ვარ, რომ ჩვენი მეორე თანამშრომლობა წარმატებით განხორციელდა ისეთ მნიშვნელოვან აუდიტორულ კომპანიასთან, რომელიც ამერიკულ ბაზარზე ორიდან ერთ-ერთს წარმოადგენს, რაც თავის მხრივ პასუხს სცემს ყველა იმ მანიპულაციასა და სპეკულაციას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობდა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

თავის მხრივ, Pro V & V - ის დირექტორმა ჯეკ კობიმ აუდიტის შედეგების წარდგენისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ  საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები გამართულად მუშაობს. „ამ დროისთვის აუდიტის სამივე ფაზა შევასრულეთ. პირველ ეტაპზე გადავამოწმეთ მონაცემთა ბაზა და გადავამოწმეთ სისტემაში ხომ არ იყვნენ დამატებითი ამომრჩევლები, ან ისეთი პირები, რომელთაც ერთზე მეტი პირადობის მოწმობა აქვთ. მეორე ეტაპზე კონფიგურაციის პროცესის მონიტორინგი განვახორციელეთ, თითოეულ მოწყობილობაზე, მათ შორის ვერიფიკაციის აპარატზე, ხმის მთვლელი აპარატსა და პლანშეტებზე. მეორე ეტაპი, რა თქმა უნდა, არჩევნებამდე განხორციელდა. მესამე ეტაპი კი იყო საველე სამუშაოები. გავედით 23 საუბნო საარჩევნო უბანზე და მოვახდინეთ პროცესის იდენტიფიკაცია. ამ იდენტიფიკაციის საფუძველზე უნდა დავრწმუნებულიყავით, რომ ელექტრონული ტექნოლოგიებს ჰქონდა სწორედ ის კონფიგურაცია, რაც ჩვენ წინა ორ ეტაპებზე დავაფიქსირეთ. დღეს კი ცესკოში გამართულ შეხვედრაზე განვიხილეთ სამივე ფაზის აუდიტის შედეგები“.

აღსანიშნავია, რომ შესაბამისობის აუდიტი ითვალისწინებდა კვლევის განხორციელებას სამ ფაზად. შესაბამისობის აუდიტის პირველი ორი ფაზის შედეგები არჩევნებამდე გადმოეცა საარჩევნო ადმინისტრაციას. საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:

•    ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის საჭირო მოწყობილობების კონფიგურაციისთვის წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული პილოტისა და ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული არჩევნების ფარგლებში გამოიყენებოდა;
•    ცესკომ წარმატებით დანერგა კონფიგურაციის პროცესის ხარისხის მონიტორინგის პროგრამა;
•    არჩევნების ჩასატარებლად საჭირო მოსამზადებელი პროცესები, პროცედურები და შემოწმებები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული;
•    ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის პირადი ნომერი არ არის დუბლირებული და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი;
•    ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან;
•    ვერიფიკაციის აპარატის საწყის კოდში განხორციელდა მცირე ცვლილება და განხორციელებული არცერთი ცვლილება არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას და არ ახდენს უარყოფით გავლენას საარჩევნო სისტემის მთლიანობაზე, საიმედოობაზე ან უსაფრთხოებაზე.

შესაბამისობის აუდიტის წარმატებით დასრულება წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი არის არა მხოლოდ ტექნიკური შემოწმება, არამედ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მკაფიო გამოხატულებაა იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები ტარდება ღიად და საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს პროფესიონალიზმისა და საზოგადოების ნდობის განმტკიცების პრინციპებით.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ამერიკული აუდიტორული კომპანია “Pro V&V” ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში გააჩნია შესაბამისი ავტორიზაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც აშშ-ში, ისე სხვა ქვეყნების საარჩევნო ორგანოებთან თანამშრომლობის მიმართულებით და თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას მწარმოებელი ვენდორი კომპანიებისთვის, რომლებიც ოპერირებენ ამერიკულ ბაზარზე.