რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა გრძელდება. კლინიკის 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. 

აღნიშნულ პირებს შორისაა ექიმი-გინეკოლოგი თეონა ფოლადაშვილი, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 3 წელი მუშაობდა. თეონამ სამინისტროს მიერ შეთავაზებული ვარიანტებიდან, სხვა კლინიკაში, ტოლფას თანამდებობაზე დასაქმებაა და 4 თვიანი კომპენსაცია აირჩია. როგორც თვითონ ამბობს, მალევე, ინგოროყვას მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმდა.

„როგორც იცით რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციასთან დაკავშირებით სპეციალური პასუხისმგებელი საბჭოა შექმნილი, სწორედ მათ გამიწიეს სრულფასოვანი და ეფექტური შუამდგომლობა დასაქმებასთან დაკავშირებით, რომელიც მე ავირჩიე. მაქსიმალურად გაითვალისწინეს ჩემი სურვილები და კომპეტენციები. საბოლოოდ დამიკავშირდნენ ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ადმინისტრაციიდან. გავიარე მათთან გარკვეული საკითხები რომელიც ახალი კადრის მიღების დროს არის გათვალისწინებული, ორივე მხარის შეთანხმებით გავაფორმეთ ურთიერთ თანამშრომლობა“, - ამბობს ექიმი.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი, მრავალპროფილური, საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა იგეგმება. ჯანდაცვის სამინისტრო, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს უპრეცედენტო კომპენსაციას სთავაზობს. მათ შეუძლიათ 12 თვიანი ხელფასის ოდენობით კომპენსაცია ერთიანად მიიღონ, კომპენსაციების პაკეტებს შორისაა დასაქმების ალტერნატიული შეთავაზება და ხელფასის 4 თვიანი ოდენობა, ასევე თუ სამინისტრო მათ დასაქმებას ვერ უზრუნველყოფს, დასაქმებამდე, 3 წლის განმავლობაში, ყოველთვიურ ხელფასს გადაუხდის.