რას ამბობდა საპატრიარქოს მდივანი 2007 წელში: ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ თურმე, ბერთუბანი, ჩიჩხიტური აღმოჩნდა იქით, სადაც ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება

1602825622
საქართველოს საპატრიარქოს ყოფილი მდივანის, მიქაელს ბოტკოველი დავით გარეჯთან დაკავშირებით 2007 წელს გააკეთებული განცხადების მიხედვით, არსებობდა იმედი, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები მოლაპარაკებების გზით აღმოჩნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიცაა ბერთუბანი, ჩიჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება.
„გუშინდლამდე ჩვენ დიდი იმედი გვქონდა, რომ ხელისუფლება აწარმოებდა მოლაპარაკებებს და ეს ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები მოლაპარაკებების გზით აღმოჩნდებოდა საქართველოს შემადგენლობაში. სამწუხაროდ, ვიგებთ გუშინ საღამოს, რომ თურმე, ეს ტერიტორიები არ ყოფილა საქართველოს შემადგენლობაში და ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლები, როგორიცაა ბერთუბანი, ჩიჩხიტური და მისი მიმდებარე ეკლესიები, აღმოჩნდა ფაქტობრივად საზღვარს იქით, სადაც დღეს ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება.
ეს ძალიან სამწუხაროა ჩვენთვის. პირდაპირ წარმოუდგენელია. მოხდა ხელის გაშვერა კომუნისტების მმართველობისკენ, რომ თითქოს მაშინ გადაეცა. ნამდვილად ვერ გავიზიარებთ ამ პოზიციას, რადგანაც იმ დროს, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ კომუნისტები, იმ დროს ქართული მხარე აწარმოებდა სამშენებლო სამუშაოებს და ბერთუბანში მიმდინარეობდა სარემონტო სამუშაოები. თუ ეს მაშინვე იყო აზერბაიჯანული მხარის ტერიტორია, რაღას ვდაობდით და ვის ვედავებოდით ამდენი ხანი? ძალიან სამწუხაროა ეს ამბავი. პრაქტიკულად გამოდის ისე, რომ ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს ხელისუფლება. თუ ეს მართლაც ასეა, ძალიან სამწუხაროა. ჩვენ შევეცდებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მოხდეს შეთანხმება, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით ან სხვა პრინციპის გათვალისწინებით მოხდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკება და ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ძეგლები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში“, - აცხადებდა დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი 2007 წელს.