ამის შესახებ ინფორმაციას „ნიუ-იორკ ტაიმსი“ აქვეყნებს.
ცოტა ხნის წინ გამოთქმული მოულოდნელი თვითკრიტიკული გამონათქვამების შემდეგ პრეზიდენტმა საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულება შეცვალა და იმიგრაციის სამსახურს ახალი ინსტრუქციები მიაწოდა. იმიგრაციული პოლიტიკის საკითხისადმი მკვეთრი ცვლილება იმაზე მიუთითებს, რომ ფართომასშტაბიანი იმიგრაციის საწინააღმდეგო რეპრესიები ზიანს აყენებს იმ ინდუსტრიებსა და საარჩევნო ოლქებს, რომელთა დაკარგვაც პრეზიდენტს არ სურს. იმიგრაციის სააგენტოს წარმომადგენლებს დაევალათ, ძირითადად შეაჩერონ ფერმებში, სასტუმროებსა და რესტორნებში რეიდები და დაპატიმრებები, - იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმსი“.
კურსის შეცვლას ტრამპის გასაკვირი თვითკრიტიკული სიტყვები უძღოდა წინ.
„ჩვენმა შესანიშნავმა ფერმერებმა და სტუმართმოყვარეობისა და გართობის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეტად აგრესიული საიმიგრაციო პოლიტიკა ძალიან კარგ, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დასაქმებულ მუშაკებს ართმევს და ამ სამუშაო ადგილებზე მათი ჩანაცვლება თითქმის შეუძლებელია. ბევრ შემთხვევაში, ბაიდენის ძალიან სულელური ღია საზღვრების პოლიტიკით ჩვენს ქვეყანაში შემოსული კრიმინალები აცხადებენ პრეტენზიებს ამ ადგილებზე. ეს არ არის კარგი. უნდა დავიცვათ ჩვენი ფერმერები, მაგრამ უნდა განვდევნოთ კრიმინალები აშშ-დან. ცვლილებები იქნება!" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.
ისინი მოქალაქეები არ არიან, მაგრამ დაამტკიცეს, რომ „შესანიშნავები“ არიან, - განუმარტა მან ჟურნალისტებს. თქვენ არ შეგიძლიათ ფერმის მუშების წაყვანა და დეპორტაცია მხოლოდ იმიტომ, რომ მათ არ აქვთ ის, რაც ალბათ, უნდა ჰქონდეთ, კერძოდ, დოკუმენტები.
ახალი ინსტრუქციების თანახმად, კვლავ დაშვებულია გამოძიებები ამ ინდუსტრიებში დასაქმებულ იმ პირთა გამოვლენის და შემდგომი დეპორტაციის მიზნით, რომლებიც კავშირში არიან ადამიანებით ვაჭრობასთან, ფულის გათეთრებასთან, ნარკოტიკების კონტრაბანდასთან, თუმცა გამოძიების შედეგად გამოვლენილ კრიმინალებთან ერთად მყოფი იმ ადამიანების დაკავება აღარ მოხდება, რომლებსაც არ აქვთ დოკუმენტები, მაგრამ რაიმე დანაშაული არ ჩაუდენიათ.