ჩორჩანასთან საგუშაგოს გახსნას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ესკალაცია, დღეს ასობით ჰექტარი ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა ხალხმა, შეიძლება, საერთოდ ომის წინაშე დავმდგარიყავით, – ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, საგუშაგოს გახსნა უნდა შეთანხმებულიყო უსაფრთხოების სამსახურთან, პრემიერ-მინისტრთან და შემდეგ ინფორმაცია უნდა გადასცემოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.
„შემიძლია გითხრათ, რომ გახარია რამდენიმე წელი იყო სულ. მე 2013 წლიდან ჯერ მოადგილე ვიყავი და ჩემს საკურატოროში შემოდიოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. ასევე ვიყავი მინისტრი, მერე გადავედი უსაფრთხოების სამსახურში და ახლაც 5 წელზე მეტი მომიწია შინაგან საქმეთა მინისტრად ყოფნა. ესე არ ხდებოდა, რომ რაღაც საფრთხე გაიგო შინაგან საქმე მინისტრმა და წავედი მე იქ საგუშაგო უნდა ჩავდგა, დაუშვებელია. ჩვენ მოძრავი საპატრულო ჯგუფები გაგვიკეთებია, შეგვითანხმებია, დაგვიმატებია და არა საგუშაგო ჩაგვიდგია. მიგვიწევია საპატრულო სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც იქ მოძრაობდნენ. ვთვლი, რომ არ უნდა ჩაედგა არცერთ შემთხვევაში. თუმცა, გიორგი გახარია იქნებოდა იქ თუ ვახო გომელაური, უნდა შეეთანხმებინა უსაფრთხოების სამსახურთან. შემდეგ ერთობლივ ინფორმაცია უნდა დამუშავებულიყო პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ უნდა დაგვებარებინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მათთვის უნდა გვეთქვა, რომ აქ ეს საფრთხეა ან თქვენ დაარეგულირეთ ან ჩვენ უნდა შევიყვანოთ. გახარიას ჩემთან ეს არ შეუთანხმებია და თუ ახლა სხვაგან შეათანხმა, ყველა თავისას იტყვის განცხადებაში ალბათ.
ჩვენ როცა ინფორმაცია გავიგეთ, უკვე ტრაქტორები მუშაობდნენ. კიდევ ვამბობ, გამოცდილება მქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც და უსაფრთხოების სამსახურიდანაც, მე დავუკავშირდი და ვუთხარი რომ არ შეიძლებოდა ამის გაკეთება. ამას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ესკალაცია. სულ პატარა საფრთხეს გეტყვით, რასაც გადავრჩით. საფრთხე ეს არის დღეს ასობით ჰექტრობით ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა იმ ხალხმა, ჩადით და კითხეთ რა საფრთხეა, ეს იყო ყველაზე პატარა საფრთხე, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა. ყველაზე დიდი საფრთხე, შეიძლება საერთოდ ომის წინაშე დავმდგარიყავით. ყველას გვახსოვს წინა ისტორიიდან ელემენტარულად, თუნდაც 90-იანების, სამაჩაბლოს ომი, აფხაზეთის ომი მსგავსად დაიწყო. შეიძლება იყოს, ომის 10%-იანი რისკი პირობითად, თუმცა ასობით ჰექტრობის დაკარგვა არ არის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის? ომია ერთ-ერთი მთავარი თემა, თუმცა ომი თუ არ მოხდა და თუ წაიღეს სიტყვაზე ნახევარი საქართველო წაიღეს, არ ქმნის? ჩემთვის პრობლემაა ნამდვილად თითოეული მეტრი მიწაც, ყველა ქართველისთვის პრობლემაა. ასობით ჰექტარ ტყეში დღეს გლეხები ვეღარ შედიან, თქვენ ჩადით და კითხეთ გლეხებს, იგივე საძოვრები იყო, ტყე იყო და დღეს ვეღარ შედიან, დაიკეტა. ამის შემდეგ მოხდა ეს და მე ეს პრობლემად მიმაჩნია, მაგრამ შეიძლებოდა ომიც მომხდარიყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მას ჟურნალისტმა ჰკითხა, როგორ მუშაობდა იმ ადამიანის გუნდში, რომელიც, მისივე თქმით, ქვეყანას ომის საფრთხის წინაშე აყენებდა, რაზეც ვახტანგ გომელაურმა უპასუხა, რომ კითხვა პოლიტიკურ ჩარჩოშია და ჩორჩანას თემას არ ეხება.
ჟურნალისტის კითხვაზე, ჩორჩანას საგუშაგოს საქმის გამოძიება და დაკითხვა, რუსეთის წისქვილზე ხომ არ ასხამს წყალს, გომელაურმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე წაიღო ასობით ჰექტარი ტყე ამის შედეგად.
„სისულელეა, რუსეთის წისქვილზე უკვე დაასხა, რომ ასობით ჰექტრობით მიწა წაიღეს რუსებმა, დროებით, რა თქმა უნდა. თქვენ ეგ უფრო გაწუხებთ, რომ ყოფილი თანამდებობის პირები გასამართლდებიან თუ ასობით ჰექტარი მიწა დაიკარგა? მეც რომ ავმდგარიყავი და პირობითად გამეკეთებინა რაღაც, დავანებოთ გახარიას თავი. მაგალითი გაქვთ მშვენიერი, სააკაშვილის სახით, თქვენი მხარდაჭერა რომ აქვს სულ, რაც მაგან გააკეთა, რამდენი ტერიტორიები დავკარგეთ, ასობით სოფლები რომ დავკარგეთ ირგვლივ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.