საირმეში დამსვენებლთა რაოდენობას ზაფხულის სეზონზე არ უჩვიან. როგორც ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, კურორტი სეზონს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სიახლეებით არ ხვდება, თუმცა კოტეჯები და სასტუმრო თითქმის შევსებულია. მისივე თქმით, კურორტს ერთდროულად 1200 ადამიანის მიღება შეუძლია.
კურორტზე ორი წლის წინ ჩატარდა დიდი ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაყვანილია გზა, წყალი, მოწესრიგებულია ყველა კომუნიკაცია, რათა სტუმრებმა კომფორტულად დაისვენონ.
"საირმეში დამსვენებლები უკვე არიან და საკმაოდ დატვირთულია. ფაქტობრივად, ივლისი და აგვისტო, თითქმის სექტემბერიც უკვე წინასწარ არის გაწერილი. ძირითადად საირმე სამკურნალო კურორტია თავისი მინერალური წყლით, გარდა ამისა აქ არის გოგირდოვანი აბანოები, სადაც შესაძლებელია გამაჯანსაღებელი მასაჟების გაკეთება და სხვადასხვა პროცედურების ჩატარება, ფუნქციონირებს აუზებიც. კურორტის ტერიტორიაზე არის კაფე-რესტორანი, სხვადასხვა გასართობი საშუალებები და ბავშვებისთვის გასართობი ატრაქციონები“, - აცხადებს გრიგოლ მაჩიტაძე.
ინფრასტრუქტურულ სიახლეებს რაც შეეხება, საირმეს აგვისტოს ბოლოში ორი კოტეჯი შეემატება. გრიგოლ მაჩიტაძის თქმით, კოტეჯების მშენებლობა უკვე დასრულებულია და ახლა მიმდინარეობს მოპირკეთება, კურორტს ამით დაახლოებით 40-50 ადგილი შეემატება. მშენებლობა უკვე დამთავრებულია და მოპირკეთება მიმდინარეობს.
კურორტზე უკვე გაიხსნა ეკლესია და მზად არის მრევლის მისაღებად.
როგორც საკრებულოს თავმჯდომარე აცხადებს, კოტეჯებისა და სასტუმროებთან შედარებით, კერძო სახლებში სტუმრებს უფრო იაფად შეუძლიათ ოთახების დაქირავება.
„კოტეჯები უმეტესად ტურისტებზეა გათვლილი. ვცდილობთ, უცხოელი ვიზიტორებ მოვიზიდოთ და დაახლოებით 60 კოტეჯი მაღალ დონეზეა მოწყობილი. ფართს კერძო სექტორიც აქირავებს და 10-25 ლარის ფარგლებში შესაძლებელია ოთახის ქირაობა.
მაჩიტაძე სტუმრების რაოდენობის ზრდას ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულების შემდგომ ვარაუდობს.
„აიპრესი“ სასტუმროებში არსებული პირობებითაც დაინტერესედა. სასტუმრო „საირმეში“ 150 ნომერია და ამჯერად 90% უკვე დაკავებულია. სასტუმროს რეზერვაციის მენეჯერი ირაკლი ბიგვავა „აიპრესთან“ საუბრისას აცხადებს, ეს კურორტზე ერთადერთი კეთილმოწყობილი სასტუმროა, „იმერეთი“ და „უდაბნო“ კი 80-იან წლებშია აშენებული და მას შემდეგ რემონტი არ ჩატარებულა, ამიტომ იქ ფასები, განსხვავებულია, სასტუმრო „იმერეთში“ დაახლოებით 45-ლარამდეა ერთი პირი, „უდაბნოში“ - 40 ლარი.
ირაკლი ბიგვავას თქმით, ლარის კურსის ცვალებადობის გამო, „საირმეში“ ნომრების ფასი დოლარში (შესაბამისი კურსით ლარში) დაიანგარიშება. ფასი განსხვავებულია ოთახების მიხედვით, ერთ ადგილიანი ნომრის ფასი 59 დოლარია, აპარტამენტი ყველაზე ძვირია და ხუთ ადგილიანის ფასი 169 დოლარით განისაზღვრება. ორ ადგილიანი წინა ხედით ღირს 99 დოლარი, 89 დოლარი - უკანა ხედით, სამ ადგილიანი - 109 დოლარი.
მისივე თქმით, სეზონის პიკი სწორედ ახლა იწყება და სასტუმრო აგვისტომდე მაქსიმალური დატვირთვით იმუშავებს. „ჩვენთან ძირითადად რეაბილიტაციისთვის ამოდიან დამსვენებლები. ეს არის მომსახურება რასაც მიიღებენ სპა-ცენტრში. ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად საუკეთესოა მინერალური წყლები, რომელიც ოთხი სახეობისაა. ზოგიერთი მათგანი უხდება კუჭ-ნაწლავს, ზოგიერთი ნაღვლის ბუშტს და ა.შ. გარდა ამისა, აქ არის თერმული წყლები, რომელიც 1500 მეტრი სიღრმიდან ამოდის, გვაქვს ღია აუზი, რომელიც თერმული წყლით ივსება და საკმაოდ თბილია, მისით სარგებლობა ზამთარშიც შეიძლება“, - განაცხადა ირაკლი ბიგვავამ.