„ქართული ოცნების“ ქობულეთის მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელია. როგორც ირაკლი ცეცხლაძე აღნიშნავს, მისთვის მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები ნაცნობია და შესაბამისად თითოეული პროექტის დაგეგმვა ადგილობრივების საჭიროებებიდან გამომდინარე ხდება.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს გამოყოფს, რომელიც ბოლო წლების გამოწვევა იყო მუნიციპალიტეტისთვის, ეს არის ეკომიგრანტი ოჯახების საკითხი. სწორედ ამ მიზნით დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლების მშენებლობა.  პროექტის ფარგლებში 126 ეკომიგრანტი ოჯახი საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდება.

ასევე, ქობულეთში ბოლო პერიოდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტია  ფიჭვნარის ბულვარის მშენებლობა. აღნიშნული პროექტის დასრულებით ქობულეთის სანაპირო ზოლი სრულად რეაბილიტირებული და კეთილმოწყობილი იქნება. როგორც მერობის კანდიდატმა განაცხადა, ტურიზმთან ერთად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაციას, სასმელი წყლის სისტემის მოწყობას, საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას.

ირაკლი ცეცხლაძე აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ყველა დაწყებული პროექტი დასრულდეს. მნიშვნელოვან სიახლეებს გეგმავს ქობულეთის უფრო მეტად განვითარებისთვის. ერთიანი გუნდით, მთელი ძალისხმევით აპირებს მუნიციპალიტეტი გამორჩეულ ადგილად აქციოს არამხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ სტუმრებისთვის.