საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენის შექმნა, ვიდრე ხარ, არის შეცდომაში შემყვანი და დიდი იმედგაცრუებების მომტანი.
ღვთის კურთხევა უხვად მოევლინება ჩვენს თავზე და აუცილებელია, რომ ეს მადლი მივიღოთ და (არა მხოლოდ მივიღოთ, არამედ) გავამდიდროთ იმ უნარებითა და ნიჭებით, რომლითაც ჩვენ ნამდვილად ვართ დაჯილდოებულნი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: „ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა“ - ამმის შესახებ ფოთისა და ხობის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომელსაც სოციალურ ქსელში ეპარქიის გვერდი ავრცელებს:
"სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათაჩვენთან არს ღმერთი!
კვირის მადლი შეგეწიოთ, ბრწყინვალე აღდგომის მადლი, რამეთუ ისეო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომამ განსაკუთრებული შინაარსი შესძინა ჩვენ ცხოვრებას, ადამიანების ყოფას, განსაკუთრებული იმედით აღავსო და გააძლიერა იგი რათა წუთისოფელში, რომელიც აღსავსეა განსაცდელებით, ადამიანმა არ დაკარგო იმედი, არ გამოგეცალოს ძალა და არ დანებდე (წუთისოფლის) დინებას, რომ არ წაგიღოს და დაგღუპოს.
ღმერთმა მოგანიჭოთ სულიერი ძალა და (რწმენის) სიმტკიცე.დღეს თქვენ მოისმინეთ წმიდა წერილიდან საკითხავები. მსურს ერთ საკითხს მივაქციო თქვენი ყურადღება:
იესო ქრისტე ეუბნება მღვდელთმთავრებს და ფარისევლებს:
„ნუთუ არ წაგიკითხავთ თქვენ წერილებში - ლოდი რომელ შეურაცხყვეს მაშენებლთა, ესე იქმნა თავკიდეთა“, „გეუბნებით, რომ წაგერთმევათ სასუფეველი ღვთისა და მიეცემა ერს, რომელიც გამოიღებს ნაყოფს“.(ძველად სახლები რომ შენდებოდა) კედლების შემაერთებელ კუთხეში, ჩამკეტი ლოდი იდებოდა, რომელიც (ნაგებობას) ამაგრებდა. ამას ქვია ქვაკუთხედი; (ამ შეთხვევაში პირდაპირი გაგებით ლოდზე არ არის საუბარი), არამედ ეს ქვაკუთხედი ლოდი არის იესო ქრისტე, რომელიც არის ძველი და ახალი აღთქმის ეპოქათა შემაკავშირებელი. აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ იესო ქირისტე არის ადამიანების შემაკავშირებელი ქვაკუთხედი, იგია საზოგადოების შემაკავშირებელი ქვაკუთხედი, იგია ოჯახის შემაკავშირებელი ქვაკუთხედი.დღეს ჩვენ რას ვხედავთ?განდევნილია ქრისტე ოჯახიდან, ადამიანის ცხოვრებიდან, იდევნება საზოგადოებაში.
ის, რომ პირჯვარს ვიწერთ, მკერდზე ჯვარს ვატარებთ, ტაძარში მივდივართ, მნიშვნელოვანია, მაგრამ აბა დავფიქრდეთ, შემდეგ როგორ ვიქცევით, გაგრძლებად რა მოყვება ამ ჩვენს გარეგნულ ქრისტიანობას, რას მოვიმოქმედებთ ცხოვრებაში? ანუ, უსამართლობა, განკითხვა, ბოროტი ზრახვები თუ ძალადობა თავის მრავალგვარ გამოვლინებაში უცხოა ჩვენთვის?
სადაც და როცა ოჯახის, საზოგადოების, თუ ქვეყნის მაშენებელნი უგულებელყოფენ და შეურაცხყოფენ ოჯახის, საზოგადოების თუ ქვეყნის ქვაკუთხედ ლოდს, იქ შეუძლებელია რაიმე სიკეთეს ეზიაროს ადამიანი.
ჩვენი ქადაგება, სიტყვა მიმართულია იქეთ, რომ მეტად ვიფიქროთ თუ, რას ნიშნავს სულიერი ცხოვრება, რას წარმოადგენს ჩემთვის ქრისტე. ქრისტიანთა ღმერთი არის ღმერთი სიყვარულისა. სიყვარულის ღმერთის მიმდევარი, როგორ შეიძლება თვითონ იყოს მოძალადე.
არ გვინდა ამაზე ბევრი საუბარი, ყურს არ სიამოვნებს, მაგრამ თუ გსიამოვნებს იმის კეთება, რაც ღმერთის წინაშეც საძულველად გამოიყურება, მაშინ რატომ არ ვთქვათ ეს? უნდა ვთქვათ!
თვალი უნდა გავუსწოროთ სინამდვილეს და თითოეულმა ადამიანმა, მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ის, რიგითი მოქალაქეა თუ განსაკუთრებული სტატუსით გამოირჩევა, კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს:
"მე ხომ არ ვარ ის, ვინც ქრისტეს დევნის?"ქართველმა ერმა დიდი ღვაწლი გასწია ქრისტიანობის წინაშე, და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ჩვენ ამიტომ გარანტირებული გვაქვს უკვე ყოველგვარი სიკეთე და გადარჩენა. ასეთი გარანტიები არ არსებობს. ყველაზე დიდი გარანტია არის ღმერთის კაცთმოყვარება და მოწყალება.
საკუთარ თავზე იმაზე დიდი წარმოდგენის შექმნა, ვიდრე ხარ, არის შეცდომაში შემყვანი და დიდი იმედგაცრუებების მომტანი.
ღვთის კურთხევა უხვად მოევლინება ჩვენს თავზე და აუცილებელია, რომ ეს მადლი მივიღოთ და (არა მხოლოდ მივიღოთ, არამედ) გავამდიდროთ იმ უნარებითა და ნიჭებით, რომლითაც ჩვენ ნამდვილად ვართ დაჯილდოებულნი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: „ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავკიდეთა“.
თუ ეს ქვაკუთხედი იქნება შემაკავშირებლად ჩვენს ოჯახებში, საზოგადოებაში, ერში, თუ ამას მთელი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით და დავამშვენებთ ღირსი საქმეებით, ჩვენთვის, შეუძლებელიც კი შესაძლებელი გახდება.დაე ღმერთმა დალოცოს ჩვენი სამშობლო, ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, ღმერთმა დალოცოს თითოეული ადამიანი, კურთხევა უფლისა იყოს თქვენზედა მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ამინ!ჩვენთან არს ღმერთი!" განაცხადა მეუფე გრიგოლმა.