ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იესო ქრისტეს ამაღლებას აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა მოქმედ ტაძარში საღმრთო ლიტურგია შესრულდება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე წირვას სამების ტაძარში 10:00 საათზე აღავლენს.

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს.

როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა „სასუფევლის საიდუმლოებებს“, რომელნიც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო.

 აღდგომიდან ორმოცი დღის შემდეგ, იესო ქრისტე უკანასკნელად გამოეცხადა თავის მოწაფეებს იერუსალიმში და უთხრა მათ: „თქვენზე გადმოვა სულიწმიდა, შემდეგ წადით და უქადაგეთ სახარება ყველას და ნათელი ეცით მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით". ამ სიტყვების შემდეგ ქრისტემ აიყვანა ისინი ზეთისხილის მთაზე, აკურთხა და მათ თვალწინ ზეცაში ამაღლდა.